კლასიციზმი (ლათ. classicus – სანიმუშო), მხატვრული სტილი და ესთეტიკური მიმართულება XVII–XIX სს. ევროპულ ლიტერატურასა და ხელოვნებაში. მისი ერთ-ერთი მთავარი ნიშანია ანტ. ლიტ-რისა და ხელოვნების გამოცხადება იდეალურ ესთეტ. ეტალონად. კ-ის საფუძველია დეკარტისა და კარტეზიანელობის რაციონალისტური პრინციპები. კ-ის მიხედვით, მხატვრული ნაწარმოები არის გონების, ლოგიკის ესთეტ. პროდუქტი. მხატვრული ფორმა ხელოვანის გონივრული შემოქმედებითი ნების გამოვლენაა, ცხოვრებისეული და ბუნებრივი მასალის გარდაქმნაა ლოგიკურად მწყობრ, ხელოვნების მშვენიერ ნაწარმოებად; ამით ხელოვნებას სამყაროს იდეალური კანონზომიერების გამოვლენის ფუნქციაც ეკისრება.
ლიტერატურაში კ-მა ყურადღების მთავარ საგნად სახელმწ. იდეოლოგიისათვის გამოსადეგი ზნეობა და იდეალები აქცია. ამოსავალ პრინციპად დაისახა წარმოდგენა სახელმწიფოზე, როგორც ადამიანის უმაღლეს სიკეთეზე. შემოქმედების ნორმატიულობა კ-ში მხატვრული კანონის თავისებურ დოგმატიზმში გადაიზარდა. ამ კანონებმა დასრულებული სახე მიიღო ნ. ბუალოს „პოეტურ ხელოვნებაში“ (1674). კ-ის მიმდევრები სავალდებულოდ თვლიდნენ ანტიკური ტრაგედიისათვის დამახასიათებელი სამთა ერთიანობის კანონის დაცვას, რაც გულისხმობდა ადგილის, დროისა და მოქმედების ერთიანობას: პიესაში ნაჩვენები ამბავი ერთი დღე-ღამის განმავლობაში უნდა მომხდარიყო; სადაც დაიწყებოდა მოქმედება, იქვე უნდა გაგრძელებულიყო და დამთავრებულიყო. ევრ. ლიტ-რის განვითარებაში კ. ეროვნ. ვარიანტების სახით გამოვლინდა. XVII ს. მიწურულს იგი შევიდა კრიზისის ფაზაში და ხელახლა აღორძინდა განმანათლებლობის ეპოქაში (ვოლტერის „არიადნა“, „ბრუტუსი“, „მუჰამადი“; მ. ჟ. შენიეს „შარლ IX“ და სხვ.).
ქართულ ლიტერატურაში კ-ის შესახებ აზრთა სხვადასხვაობაა. XVI–XVIII სს. ქართ. ლიტ-რის წიაღშივე შეინიშნება განმანათლებლური იდეების დამკვიდრებისა და შემოქმედებითი ნორმატივებისაკენ მიდრეკილება. კლასიცისტური სტილის თეორ.- დეკლარაციული გაფორმების ჩანასახს ნათლად გამოხატავს მ. ბარათაშვილის „ჭაშნიკი“ (1731), უფრო მოგვიანებით კი – ანტონ I კათოლიკოსის შემოქმედება.
პლასტიკურ ხელოვნებაში კ-ის წინაპირობები ჯერ კიდევ XVI ს. II ნახ-ში ჩაისახა იტალიაში. XVII ს-ში კ. მხოლოდ საფრანგეთში იქცა ერთიან სტილურ სისტემად, საერთო-ევრ. სტილად კი დამკვიდრდა XVIII ს. – XIX ს. დასაწყისში. კ-ის მიმდევრები არქიტექტურაში მიმართავდნენ ანტ. ფორმებს, ძირითადად იყენებდნენ ორდერს. მათ ნამუშევრებში არქიტ. დეკორი მსუბუქად და ზომიერად ამკობს და არ ფარავს შენობის ზოგად სტრუქტურას. მოცულობათა დაგეგმარება ნათელი და სიმეტრიულია, ინტერიერის სივრცობრივი დანაწევრება – მკაფიო, ხოლო ფერები – ზომიერი; კლასიცისტური ნაგებობის ირგვლივ ქმნიდნენ პეიზაჟურ გარემოს – „ინგლისურ პარკს“. ხელოვნების დარგთა კლასიცისტურ სინთეზში წამყვანი ადგილი არქიტექტურას ეჭირა. ფერწერაში უპირატესობა ნახატსა და ჩრდილ-ნათელს ენიჭებოდა, ხოლო ლოკალური კოლორიტი 3 ძირითადი ფერის (მაგ., ყავისფერი – პირველი, მწვანე – მეორე და ცისფერი – შორეული პლანისათვის) შეხამებით იქმნებოდა. XVII ს-ში საფრანგეთში განვითარების მწვერვალს მიაღწია იდეალურმა პეიზაჟმა (ნ. პუსენი, კ. ლორენი, გ. დიუგე). XVII ს-სა და XVIII ს. დასაწყისში კ. გავრცელდა ნიდერლანდების ხუროთმოძღვრებაში. ინგლისში ჩამოყალიბდა მისი ეროვნ. ვარიანტი. XVIII ს-ში კ-ზე დიდი გავლენა იქონია ბერძნ. და რომაულ სიძველეთა არქეოლ. მონაპოვარმა, აგრეთვე ი. ი. ვინკელმანისა და სხვათა თეორიულმა შრომებმა. ამ ეპოქის ფრანგულ ხუროთმოძღვრებაში შეიქმნა საზ. ნაგებობათა, საცხოვრ. სახლებისა და ქალაქთდაგეგმარების ახ. არქიტ. ტიპები, მოქალაქეობრივი პათოსითა და ლირიზმით აღსავსე პლასტ. ნამუშევრები, ისტ., რელიგ. და მითოლ. ფერწერა. XVIII ს-სა და XIX ს. დასაწყისში კ-ის ინტერნაციონალურ ცენტრად იქცა რომი, სადაც მუშაობდნენ სხვადასხვა ევრ. ქვეყნის ხელოვანები. ამავე პერიოდში კ. განვითარდა ესპანეთში, აღმ. ევრ. და სკანდინავიის ქვეყნებში, აშშ-სა და რუსეთში. XIX ს. I მესამედის დასასრ. კ., როგორც ფსევდოკლასიცისტური სტილი, კარგავს მნიშვნელობას. მისი ნიშნები შემორჩა XX ს. ნეოკლასიციზმს.
საქართველოში და, პირველ რიგში, თბილისში, XIX ს. დასაწყისიდან, რუსული მმართველობის დამყარების შემდეგ, გავრცელდა იმპერიაში მოქმედი სამშენებლო კანონმდებლობა. შესაბამისად, იმდროინდელი ქალაქების არქიტექტურული განვითარება გვიანი კ-ის, ანუ ამპირის ფორმებს დაეყრდნო. ამ სტილით 10–50-იან წლებში შენდებოდა არა მარტო ყველა ოფიციალური შენობა, არამედ იგი საფუძვლად დაედო საცხოვრ. სახლების ადგილ. ტიპებს თბილისში, თელავში, სიღნაღსა და სხვ. თბილისში გვიანი კ-ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნიმუშებია სიონის ტაძრის ახალი სამრეკლო (1812), ყოფ. კორპუსის შტაბის შენობა (ამჟ. თავისუფლების მოედანი №4, 824–27), ი. ზუბალაშვილის სახლი (30-იანი წლები, ახლანდ. შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნების მუზეუმი).
თეატრალური ხელოვნება. კ. თავისი მახასიათებლებით ყველაზე მკაფიოდ თეატრალურ ხელოვნებაში გამოიხატა. ნ. ბუალოს ტრაქტატი „პოეტური ხელოვნება“ გავლენას ახდენდა როგორც დრამატურგიაზე, ასევე განაპირობებდა შესრულების თავისებურებებს. აღნიშნული ტრაქტატის მიხედვით ნორმად იქცა რენესანსის დროინდელი „სამი ერთიანობის“ პრინციპი. ამასთანავე, ადგილის, დროისა და მოქმედების მთლიანობას დაემატა ხასიათის მთლიანობა, რაც გამოიხატა კლასიცისტური ნაწარმოებებისთვის ნიშანდობლივი ხასიათების ტიპიზაციაში. მსახიობის შემოქმედების ძირითადი პირობა გახდა რაციონალური მეთოდი. კლასიცისტი მსახიობის შესრულების მანერა იყო დეკლამაციური – მას ლექსები უნდა წაეკითხა ემოციურად, მაგრამ არ უნდა შეექმნა ჭეშმარიტი განცდის ილუზია. სპექტაკლისათვის დამახასიათებელი იყო იმპოზანტურობა, სტატიკურობა, დეკორაცია მოკლებული იყო ყოველგვარ ისტ. და ყოფით კონკრეტულობას. აბსოლუტურ რაციონალიზმზე დაფუძნებული ეს მიმდინარეობა ფანტაზიის თავისუფლებას უპირისპირებდა დისციპლინურ საწყისს, რ-იც წინასწარ შემუშავებული კანონებისა და ნორმების აუცილებელ დაცვას გულისხმობდა.
XVII ს. განმანათლებლური კ-ის წარმომადგენლები იყვნენ მსახიობები: ა. ლეკენი, ი. კლერონი, მ. დიუმელინი. კ-ის დემოკრ. ტენდენციები ყველაზე მკაფიოდ გამოვლინდა მოლიერის შემოქმედებაში. კ-ის წარმომადგენლები არიან კ. ნოიბერი (გერმანია), ჯ. კემბლი (ინგლისი), ე. რაშელი (საფრანგეთი) და სხვ.
XIX ს. დასასრულსა და XX ს. დასაწყისში კ-ის გავლენა იგრძნობოდა „კომედი ფრანსეზის“ სპექტაკლებში, მსახიობების – ჯან მუნე-სიულის, ს. ბერნარისა და სხვათა შემოქმედებაში. რუს. კ-ის წარმომადგენლები არიან თ. ვოლკოვი, ი. დმიტრევსკი და სხვ. XX ს. დასაწყისში კ-მა ესთეტ. და მხატვრული კრიზისი განიცადა.
XVIII ს. საქართველოში კ. გამოვლინდა მეფე ერეკლე II-ის კარის თეატრის დადგმებში.
ქართლ-კახეთის სამეფოში სათეატრო საქმიანობას ეწეოდნენ გ. ავალიშვილი, ასევე ვინმე გაბრიელ მაიორი, მეფე ერეკლესთან დაახლოებული პირი, და მაჩაბელა. განსაკუთრებული წვლილი იმ პერიოდის თეატრის განვითარებაში მაინც გ. ავალიშვილმა (1769–1850) შეიტანა. იგი თარგმნიდა და კლასიცისტური თეატრის კანონების დაცვით წერდა ორიგინ. პიესებს (მაგ., „თეიმურაზ II“), სადაც განმანათლებელთა მსგავსად ყურადღება თეატრის დიდაქტიკურ ფუნქციაზეა გამახვილებული. გ. ავალიშვილმა 1791 დააარსა სამეფო კარის საერო თეატრი, სადაც იმავე წელს დაიდგა დ. ჩოლოყაშვილის მიერ თარგმნილი ჟ. რასინის „იფიგენია“. ქართ. თეატრის მემატიანეთა ცნობით, თეატრის შექმნაში ქართველებს დაეხმარნენ იმ დროს თბილისში მყოფი ვენის სათეატრო დასის ანტრეპრენიორი გრაფი კოჰარი და ი. რაინეგსი.
1795 ერეკლეს კარის თეატრმა არსებობა შეწყვიტა. აღა-მაჰმად-ხანის წინააღმდეგ ბრძოლაში, კრწანისის ველზე სამეფო თეატრის მთელი დასი დაიღუპა.
ლიტ.: კალანდაძე ა., ლიტერატურული ნარკვევები, თბ., 1972; რატიანი ი., კლასიციზმი ევროპულ და ქართულ მწერლობაში, კრ.: ლიტერატურული მიმდინარეობები (კლასიციზმიდან მოდერნიზმამდე), თბ., 2017; შარაშენიძე მ., კლასიციზმი და სენტიმენტალიზმი ქართულ ლიტერატურაში, წგ.: XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორია, ქუთ., 2013.
თ. გერსამია
ს. მეტრეველი