კლდეკარის ეკლესია

კლდეკარის ეკლესია, შუა საუკუნეების კლდეში ნაკვეთი დარბაზული ტიპის ეკლესია. მდებარეობს მდ. საძალიხევის მარცხენა ნაპირზე სოფ. სვერისა (ჭიათურის მუნიციპ.) და სვერის ციხის მახლობლად. ძეგლი კომპლექსური ხასიათისაა და გადაჭიმულია თითქმის 100 მ-ზე ჩრდ-იდან სამხრ-კენ. ეკლესიის კედლები სადად არის დამუშავებული, ჭერი ნახევრად ცილინდრული ფორმისაა. ნაგებობას აქვს ადრეფეოდალური ხანისთვის დამახასიათებელი ნიშნები. საკუთრივ კლდეს, რ-შიც გამოკვეთილია ეკლესია, „მულა ყუს კლდეს“ უწოდებენ – არაბმა სარდალმა მურვან ყრუმ თავისი ერთ-ერთი შემოსევის დროს დალაშქრა ეს ადგილები, თუმცა, სვერის ციხის აღება ვერ შეძლო. კ. ე., სავარაუდოდ, VIII ს-ით თარიღდება (ა. ვართაგავა).

ლიტ.: ვართაგავა ა., კლდეკარი, „საქართველოს ბუნება“, №7, 1975.

ლ. ურუშაძე