კლდემაღალას ციხე, არსენას ციხე, V–VI სს. ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. მდებარეობს ქ. კასპის ჩრდ-ით 5 კმ-ზე, მდ. ლეხურის მარჯვ. მხარეს, მაღალ მთაზე. კეტავდა ლეხურის ხეობაზე გამავალ ვიწრო გზას ჩრდ-ით და სამხრ-ით, იცავდა ციხე-ქალაქ კასპს მტრის შემოსევებისაგან. ციხის ძველი სახელწოდება დავიწყებულია. ამჟამად ხალხი მას არსენას ციხეს უწოდებს. „კლდემაღალას“ სახელით იგი აღარც ვახუშტისთან (XVIII ს.) იხსენიება. კ. ც. ძლიერ დაზიანებულია, დანგრეულია ერთადერთი ოთხსართულიანი კოშკის აღმ. კედელი, დას. კედლის დიდი ნაწილი და ნაწილობრივ სამხრ. კედელიც. ჩანგრეულია სართულშუა ხის გადახურვა. კოშკი (კედლების სიგრძე – 7,6 მ, სიმაღლე – 11,0 მ, სისქე – 2 მ) ნაგებია რუხი და მოყვითალო ქვით. გარე კუთხეები ოდნავ მომრგვალებულია. სართულშუა ხის გადახურვების საყრდენად კედლის სისქის შემცირებით მიღებული საფეხურები იყო გამოყენებული. შერჩენილია სქელი ბოძების ბუდეები. I სართულის სამხრ. კედელში ერთი მაღალი ვიწრო სარკმელია. ამავე სართულზე სამკუთხედად გადახურული ნიშები ყოფილა. სათოფურების კვალი მხოლოდ IV სართულზე შეიმჩნევა. ეს სართული წყობით და მასალით განსხვავდება კოშკის ქვედა ნაწილისაგან. იგი მოგვიანებით უნდა იყოს დაშენებული.
ლიტ.: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990.
ი. შარაშენიძე