კლდიაშვილი რევაზ (რეზო) შოთას ძე (დ. 24. IX. 1947, ქუთაისი), მწერალი, დრამატურგი, ქიმიკოსი. 1971 დაამთავრა სპი-ის ქიმიური და კვების ტექნოლ. ფაკ-ტი. 1987-იდან კითხულობს ლექციებს სტუ-ში (2009-იდან – პროფესორი). 2014-იდან ხელმძღვანელობს საქართვ. ხელნაწერთა ეროვნ. ცენტრის კონსერვაცია-რესტავრაციის ლაბორატორიას. არის 2 სახელმძღვანელოს, 3 მონოგრაფიისა და მრავალი სამეცნ. სტატიის ავტორი ქიმიაში.
1981-იდან კ-ის მოთხრობები იბეჭდებოდა ჟურნ. „ცისკარსა“ და გაზ. „ლიტერატურულ საქართველოში“. 1990 გამოსცა მოთხრობების პირველი კრებული, 1998 – კრებ. „მეც ჩემი ბავშვობიდან მოვდივარ“; 2002 – პიესების კრებ. „იადონას თეატრი“. ავტორია 2 ისტ. პიესისა: „პატრონი“ (1998) და „ბიზანტიის დედოფალი“ (1999), ასევე პიესებისა: „საპოვნელა“ (1995); „იადონას თეატრი“ (1997; ორივე დაიდგა მარჯანიშვილის თეატრში); „შორაპნელი ქალბატონები“ (1998; რუსთაველის თეატრი), „მანველიძეების ოჯახი“ (2001; მეტეხის თეატრი); „მარტოობის ბინადარი“ (მონოპიესა, 2001; თეატრი „ვერიკო“); „სუფრა“ (2003; ქართ.-ჰოლანდ.-გერმ. პროექტი, დაიდგა ამსტერდამსა და ბერლინში); „ზარატუსტრას ჟამი“ (2005; ქართ., გერმ. და რუს. ენებზე; ავტორისეული წაკითხვა თეატრებში: „ვერიკო“, სამეფო უბნის თეატრი); „იმერული რეკვიემი“ (2014; ახმეტელის თეატრი); ქალბატონი ძალაუფლების სურნელით“ (2022, ქართ., ჩინ. და ინგლ. ენებზე) და სხვ. გარდა ამისა, კ-ის პიესები იდგმებოდა ფოთის, ზუგდიდის, თერჯოლის, ახალციხის, ზესტაფონისა და სხვ. თეატრების სცენაზე.
მიღებული აქვს დ. კლდიაშვილის სახ. პრემია (2000; მოთხრ. კრებულისათვის „მეც ჩემი ბავშვობიდან მოვდივარ“), საქართვ. სახელმწ. პრემია ლიტ-რის დარგში (დრამატურგია, 2002; პიესების კრებულისათვის „იადონას თეატრი“), საქართვ. თეატრის მოღვაწეთა კავშირის პრემია (2009; წლის საუკეთესო სპექტაკლისათვის „ზარატუსტრას ჟამი“); 2017 კულტ. განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მიენიჭა „ხელოვნების ქურუმის“ წოდება. 2019 – დავით და სერგო კლდიაშვილების სახ. მუზეუმის საპატიო ჯილდო „ძელქვის ფოთოლი“. არის ქუთაისის საპატიო მოქალაქე (2018).
ლიტ.: ჩხარტიშვილი ლ., რეზო კლდიაშვილი, თბ., 2018.
მ. თუშიშვილი