კლდიაშვილი სიმონ გრიგოლის ძე

ს. გ კლდიაშვილი
ს. გ. კ ლ დ ი ა შ ვ ი ლ ი. სათავადაზნაურო გიმნაზიის შენობა (ახლანდ. თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი), 1906.

კლდიაშვილი სიმონ გრიგოლის ძე [2 (14). II. 1865, სოფ. ქვიშხეთი, ახლანდ. ხაშურის მუნიციპალიტეტი, – 26. V. 1920, თბილისი], პირველი პროფესიონალი ქართველი არქიტექტორი. ა. კლდიაშვილის ძმა. 1895 ვერცხლის მედლით დაამთავრა ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებელი მოსკოვში. 1896–99 ქ. სოხუმის არქიტექტორად მუშაობდა. 1899 მოიწვიეს თბილ. სათავადაზნაურო სკოლის (ქართული გიმნაზია) შენობის პროექტის შესადგენად (ახლანდ. თსუ-ის I კორპუსი). სკოლას, რ-ის მშენებლობასაც თვით არქიტექტორი უძღვებოდა, საძირკველი ჩაუყარეს 1900 წ. 14 (26) ოქტომბერს. 1906 შენობა არსებითად მზად იყო. იგი კ-ის უმთავრესი ნამუშევარია. 1912 მონაწილეობა მიიღო თბილ. სათავადაზნაურო ბანკის შენობის პროექტისათვის გამოცხადებულ კონკურსში. ჟიურიმ ბანკს მისი პროექტის შეძენა ურჩია. 1902 კაპიტალურად გადააკეთა და სრულიად ახალი ფასადით შეამკო ქობულაშვილების სახლი ა. გრიბოედოვის ქუჩაზე (მარცხენა ნახევარი არშაკუნისეული სახლისა, ახლანდ. თბილ. სამხატვრო აკადემია). გარდა ამისა, მისი პროექტითაა აშენებული მრავალი საცხოვრ. სახლი თბილისში. კერძოდ, რომის ქ. №4 (1902), მ. წინამძღვრიშვილის ქ. №15 (1908), ნ. გოცირიძის ქ. №39 (1914) და სხვ.

კ. ეკლექტიზმის ხანის ტიპური წარმომადგენელი იყო. მისი პროექტით აგებულ შენობებში ვხვდებით XIX ს. ინტერპრეტაციით მოცემულ რენესანსულ-ბაროკულ ფასადებსაც და მოდერნსაც. აქტიურად მონაწილეობდა ქართ. კულტურულ და საზ. ცხოვრებაში. 1902 ე. თაყაიშვილთან ერთად იმოგზაურა საქართვ. სამხრ. რეგიონებში ქართ. ხუროთმოძღვრების ისტ. ძეგლთა ასაზომად. აზომა 20-მდე ძეგლი, მ. შ. ბანას ტაძარი და შეადგინა მისი რეკონსტრუქციის პროექტი. 1907 აირჩიეს საქართვ. საისტ. და საეთნოგრაფიო საზ-ბის წევრად. 1910 ე. თაყაიშვილს თან ახლდა რაჭა–ლეჩხუმში.

კ. დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. 2015 თსუ-ის I კორპუსის ეზოში გაიხსნა მისი ბიუსტი.

ლიტ.: ბერიძე ვ., თბილისის ხუროთმოძღვრება 1801–17 წწ. [ტ.] 2, თბ., 1963.

თ. გერსამია