კლენოვსკი ნიკოლოზ სიმონის ძე (1857, ქ. ოდესა, – 23. VI. 1915, პეტროგრადი), საქართველოში მოღვაწე რუსი მევიოლინე, დირიჟორი, პედაგოგი, კომპოზიტორი. ქართ. ხალხ. სიმღერების ერთ–ერთი პირველი უცხოელი შემკრები. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ კ-მ სწავლა განაგრძო მოსკოვის კონსერვატორიაში ვიოლინოსა და სპეც. თეორიის (პროფ. პ. ჩაიკოვსკისა და დ. გუბერტის კლასები) განხრით. კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ (1879-იდან) მუშაობა დაიწყო პროვინციულ კერძო საოპერო თეატრებში დირიჟორად. 1881 კვლავ მოსკოვში დაბრუნდა. 1883- მდე ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობას, დირიჟორობდა დიდი თეატრისა და მოსკოვის უნ-ტის სიმფ. ორკესტრებს. არის რამდენიმე ბალეტისა და რომანსის ავტორი. მან შეკრიბა და დაამუშავა რამდენიმე სიმღერა, მ. შ. ქართულიც. 1893 კ. ჩამოვიდა საქართველოში და გააგრძელა მ. იპოლიტოვ-ივანოვის მიერ წამოწყებული მოღვაწეობა სამუსიკო სასწავლებელსა და საანსამბლო კლასებში. კ-ის თაოსნობით თბილისში მოიწვიეს ცნობილი რუსი პედაგოგები (კ. იგუმნოვი, ე. რიადნოვი, თ. ლევინი, მისი მეუღლე ზ. ლევინა, ვ. ვილშაუ და სხვ.), რ-ებმაც დიდი ამაგი დასდეს ქართ. მუსიკოსთა პროფ. აღზრდას. კ-ის მოწაფეები იყვნენ ზ. ფალიაშვილი, ზ. ჩხიკვაძე, ი. კარგარეთელი, ნ. სულხანიშვილი, ვ. სარაჯიშვილი და სხვ.
ლიტ.: კაშმაძე შ., ზ. ფალიაშვილი, თბ., 1948; მშველიძე ა., სამუსიკო განათლება საქართველოში, თბ., 1976.