კლერიკალიზმი (<ბერძნ. Clēros – წილი, ხვედრი; გვიანდ. ლათ. Clericalis – საეკლესიო, სასულიერო), პოლიტიკური მსოფლმხედველობა, მიმართულება ან მოძრაობა, რომლის მიზანია რელიგიის როლის გაზრდა და ეკლესიის ძალაუფლების გაძლიერება სახელმწიფოს პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ცხოვრების უკლებლივ ყველა სფეროში. ამ თვალსაზრისით კ. ეწინააღმდეგება ლიბერალურ-დემოკრატიულ პოლიტ. სისტემას, რ-იც სეკულარიზმის (რელიგიური და საერო სივრცეების გამიჯვნის) პრინციპზე არის აგებული. თავდაპირველად ტერმინი კ. გავრცელდა XVII–XIX სს. კათოლიკურ ევროპაში და იმთავითვე უარყოფითი კონოტაცია შეიძინა. კ. საერო საკანონმდებლო და პოლიტ. სივრცეში ეკლესიის როგორც სოც.- პოლიტ. ინ-ტის, ფორმალიზებას ესწრაფვის და მიზნად ისახავს დენომინაციური იერარქიის საეკლ. მმართველობის გავრცელებას ეკლესიის ფარგლებს მიღმა, თუმცა, წმინდად ეკლესიოლოგიური გაგებით, კ. გულისხმობს სას. პირების მიერ ეკლესიისა და მასთან დაკავშირებული ინ-ტების (მ. შ. საერო ორგანიზაციების) მართვას.
კ-თან დაპირისპირებული მსოფლმხედველობა და მოძრაობა არის ანტიკლერიკალიზმი, რ-იც რელიგიური ორგანიზაციების და სას. პირთა ძალაუფლების შეზღუდვისაკენ არის მიმართული და მიზნად ისახავს სამოქალაქო-პოლიტ. სივრცის, კულტურის, განათლების, მეცნიერების სფეროების საეკლ. გავლენისაგან გათავისუფლებას. ანტიკლერიკალიზმი არ ნიშნავს ანტირელიგიურობას, ის უფრო მეტად ნიშნავს ანტიეკლესიურობას და სათავეს საფრანგეთის რევოლუციის (1789) პერიოდიდან იღებს.
ლიტ.: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი-ცნობარი, თბ., 2004; ქრისტიანობის ლექსიკონი, შემდგ. პიერო პეტროზილო, იტალ. თარგმნა მ. სააკაშვილმა, თბ., 2011; Sánchez J. M., Anticlericalism: a brief history, University of Notre Dame Press, 1972; B. Wilson S.J. Clericalism: The Death of Priesthood, Liturgical Press, Collegeville MN USA, 2008.
გ. ხუროშვილი