კლიკის ჯვარი, VII–VIII საუკუნეთა მიჯნის სამეკლესიიანი ბაზილიკა. მდებარეობს სოფ. მღებრიანის (გორის მუნიციპალიტეტი) დას-ით 1 კმ-ზე, მდ. თეძმის მარცხ. ნაპირზე. ნაგებია დიდი ზომის ნატეხი ქვით. კონსტრუქციული ნაწილები (ტრომპები, პილასტრები, თაღები), კარისა და სარკმლის წირთხლები, შუა ეკლესიის გარე კუთხეები ამოყვანილია შირიმის კარგად გათლილი კვადრებით. სავარაუდოდ, თავდაპირველად აიგო ერთნავიანი ეკლესია, მოგვიანებით მას სამხრ-იდან და ჩრდ-იდან, ფასადის მთელ სიგრძეზე, თითო ვიწრო, გეგმით ოთხკუთხა, მთავარ ეკლესიაზე რამდენადმე დაბალი სტოა მიაშენეს (ორივე მინაშენი დაზიანებულია და დაზუსტებით მხოლოდ მათი გეგმა იკითხება). სამივე მათგანი უაფსიდოა და აღმ-ით სწორი კედლითაა დასრულებული. შესასვლელი მთავარ ეკლესიას სამხრ-იდან აქვს – მინაშენიდან. მეორე კარი ჩრდ. კედელშია, რ-იც ჩრდ. მინაშენში გადის. სარკმელი სამია – საკურთხევლის, სამხრ-ისა და დას-ის. მთავარი ტაძრის სივრცე ორსაფეხურიანი პილასტრების წყვილით ორ არათანაბარ ნაწილად იყოფა. მ. შ. აღმ-ისა თითქმის 1 მ-ით გრძელია დას-ისაზე. საინტერესოდაა გადაწყვეტილი საკურთხეველი. იგი დარბაზისგან მძლავრი პილატრების წყვილით არის გამიჯნული. პილასტრებზე დაყრდნობილი იყო კონქის ორსაფეხურიანი თაღი. პილასტრებიდან საკურთხევლის აღმ. კედელზე ნახევარწრიული თაღებია გადაყვანილი, რ-ებიც საკურთხევლის გვერდებზე თითო ღრმა უბეს ქმნის. ისინი, როგოც ჩანს, სამკვეთლოსა და სადიაკვნის ფუნქციას ასრულებდა. საკურთხევლის გეგმის სწორკუთხედიდან კონქის ნახევარწრიულ საფუძველზე გადასვლა ერთ ქვაში გამოკვეთილი ორი ტრომპის მეშვეობით ხდებოდა.
ეკლესიის ფასადები სადაა, დეკორის გარეშე. ბაზილიკა დაზიანებულია, შუა ეკლესიის კამარა ჩაქცეულია, გვერდითი ნავების კედლები 1,7–2,0 მ სიმაღლემდეა შემორჩენილი.
ლიტ.: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილოა, ტ. 5, თბ., 1990; Чубинашвили Н. Зедазени, Кликис Джвари, Гвиара, „ქართული ხელოვნება“, 1971, ტ. 7.
გ. მარსაგიშვილი