კლიმიაშვილი ლევან დავითის ძე

კლიმიაშვილი ლევან დავითის ძე (დ. 5. I. 1949, თბილისი), ინჟინერ-მშენებელი. ტექ. მეცნ. დოქტორი (2003), პროფესორი (2003), საქართვ. საინჟინრო აკად. ნამდვილი წევრი (2006). 1972 დაამთავრა სპი-ის სამშ. ფაკ-ტი სპეციალობით ჰიდროტექნიკა და სანტექნიკა. 1972–73 მუშაობდა ინჟინრად „თბილქალაქპროექტში“, 1977–2000 – სპი-ის წყალმომარაგებისა და წყალარინების კათედრაზე. 2000–06 იყო ამავე კათედრის გამგე, 2009–15–სტუ–ის რექტორის მოადგილე. 2015-იდან არის სტუ-ის ვიცე-რექტორი.

კ-ის მეცნ. ინტერესებისა და კვლევის სფეროა წყალმომარაგების სისტემების საიმედოობის ანალიზი, შეფასება და პროგნოზირება. გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. ნაშრომები, მ.შ. 11 მონოგრაფია და 7 სახელმძღვანელო. მიღებული აქვს 5 საავტორო მოწმობა, 1 პატენტი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2003).

თხზ.: წყლის მიწოდებისა და განაწილების სისტემების საიმედოობა, თბ., 2011; მტყუნებათა შეფასება წყლის მოწოდებისა და განაწილების სისტემებში, თბ., 2015.