კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი მ. წინამძღვრიშვილის სახელობისა, დაარსდა 1946 აკად. მ. წინამძღვრიშვილის პირადი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით. 21 წლის განმავლობაში ინ-ტი ამ პროფილის პირველი და ერთადერთი დაწესებულება იყო საბჭოთა კავშირში. მისი შექმნით, მ. წინამძღვრიშვილმა საქართველოში საფუძველი ჩაუყარა კარდიოლოგიას, როგორც დამოუკიდებელ დარგს, რამაც დასაბამი მისცა გულ-სისხლძარღვთა სისტემის კვლევა-ძიების მრავალმხრივ, კომპლექსურ კვლევას.
თავდაპირველად ინ-ტი ჩამოყალიბდა საქართვ. მეცნ. აკად. სტრუქტურაში, 1956 კი გადავიდა საქართვ. ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში. სხვადასხვა პერიოდში ინ-ტის დირექტორები იყვნენ: მ. წინამძღვრიშვილი (1946–56), ი. ჯავახიშვილი (1957–66), ვ. წინამძღვრიშვილი (1967–68), ვ. ქავთარაძე (1968–90), ბ. ქობულია (1990–2000), ბ. წინამძღვრიშვილი (2000–07). ინ-ტის სამეცნ. საბჭოს შემადგენლობაში შედიოდნენ: დ. გედევანიშვილი, გ. გვიშიანი, ა. ზურაბიშვილი, გ. თუმანიშვილი, ა. ლაჭყეპიანი, ი. ტატიშვილი, პ. ქომეთიანი, კ. ცინცაძე.
კლინიკაში დაინერგა გულ-სისხლძარღვთა სისტემის კვლევის მრავალგვარი მეთოდი: ელექტროკარდიოგრაფიული, რენტგენოლოგიური, ულტრაბგერითი, რადიოიზოტოპური, დატვირთვის ტესტები, ხანგრძლივი ეკგ დაკვირვების და სხვ. გაიხსნა კლინ. და ექსპერ. განყ-ბები: კლინიკური ფიზიოლოგიის, პოლიკლინიკური, სამედ. ქიმიის, პათფიზიოლოგიის, ექსპერ. ბიოქიმიის და სხვ.
მ. წინამძღვრიშვილის თაოსნობით ინ-ტში 1955 შეიქმნა ექსპერ. კარდიოქირურგიის განყ-ბა (ხელმძღვ. ბ. ჩიქოვანი), სადაც ექსპერ. დაინერგა გულის კორონარული არტერიების დაზიანების დიაგნოსტიკა რენტგენოკონტრასტული კვლევის მეთოდით. 1959 ი. ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით ინ-ტში გაიხსნა კარდიოქირურგიის განყ-ბა, სადაც სრულდებოდა იმ დროისათვის საკმაოდ რთული ოპერაციები (კომისუროტომია, სუბტოტალური პერიკარდექტომია; ბავშვთა ასაკში – ღია არტერიული სადინარის დახურვა).
1968 კარდიოლოგიის ინ-ტის კარდიოქირურგიული განყ-ბა გადაიტანეს ქირურგიის ინ-ტში. მომდევნო წლებში კარდიოლოგიის ინ-ტში შეიქმნა კლინ. განყ-ბები: საორგანიზაციო-მეთოდური, პროფილაქტიკური კარდიოლოგიის, არტერიული ჰიპერტონიის, მიოკარდიუმის ინფარქტის, ქრონიკული კორონარული უკმარისობის, გულის რიტმის დარღვევის, სისხლის მიმოქცევის ნაკლოვანების, რეაბილიტაციის, მეტაბოლიზმის რეგულაციის, პედიატრიული კარდიოლოგიის; აგრეთვე ჩამოყალიბდა რენტგენოლოგია-რადიოლოგიის, ელექტროფიზიოლოგიის, ჰემოდინამიკის, ფუნქციური დიაგნოსტიკის, რადიოიმუნოლოგიის და ბიოქიმიის ლაბორატორიები. ექსპერიმენტულ განყ-ბაში გაერთიანდა სამედ. ბიოფიზიკის ცენტრი. წლების განმავლობაში ინ-ტი გადაიქცა დიდ სამეცნ.-კვლ. და სამკურნ. დაწესებულებად. იგი მთელი ქვეყნის მასშტაბით ასრულებდა კარდიოლოგიური სამეცნ.-პრაქტ. ცენტრის ფუნქციას.
1947–49 მ. წინამძღვრიშვილის თაოსნობით კარდიოლოგიის ინ-ტის კოლექტივმა (პირველად საბჭოთა კავშირში) განახორციელა ქვეყნის ყველა რეგიონში არტერიული ჰიპერტონიის ეპიდემიოლოგიური მასობრივი გამოკვლევა – 60-წლიანი დინამიკა. შეიქმნა ქვეყანაში ჰიპერტენზიის გავრცელების ეპიდემიოლოგიური რუკა. შესაბამისად, შემუშავდა პრევენციული ღონისძიებების სტრატეგია, რამაც დასაბამი მისცა საქართველოში პრევენციული კარდიოლოგიის განვითარებასა და ჩამოყალიბებას. ინ-ტში ჩატარებული ეპიდემიოლოგიური, კლინიკური და ექსპერიმენტული კვლევების საფუძველზე, მ. წინამძღვრიშვილმა შეიმუშავა არტერიული ჰიპერტონიის კლასიფიკაცია, რ-იც კლინიკურ-ფუნქციური ნიშნის მიხედვით იყო აგებული. სწორედ ამ პრინციპით არის წარმოდგენილი მსოფლიოში კარდიოლოგიური დაავადებების თანამედროვე კლასიფიკაცია, რ-იც გულისხმობდა დაავადების მიმდინარეობის ვარიანტების ანალიზს, ე. წ. „პრეჰიპერტენზიის“ და „რევერზიბელური“, ანუ შექცევადი და ე. წ. „შეუღლებული“ ფორმების კლინიკურ მნიშვნელობას. ტერმინი „პრეჰიპერტენზია“, რ-იც ფიგურირებს აშშ-ის კარდიოლოგთა ასოციაციების თანამედროვე კლასიფიკაციათა სტრუქტურებში, ეკუთვნის მ. წინამძღვრიშვილს. მან ინ-ტში შესრულებული კვლევების საფუძველზე ივარაუდა, რომ დაავადების შექცევადი ფორმების დროს შესაძლებელია გულის ჰიპერტროფიის უკუგანვითარებაც, რაც შემდგომში დადასტურდა გულის ულტრაბგერითი კვლევებით. საქართვ. ჰიპერტენზიის საზ-ბა და დაავადებათა კონტროლის ცენტრი დღესაც აგრძელებენ ქვეყანაში ჰიპერტენზიის ეპიდემიოლოგიური კვლევების ტრადიციას; XX ს. 50-იან წლებში მ. წინამძღვრიშვილი დაინტერესდა უეცარი კარდიული სიკვდილის პრობლემით. ინ-ტმა, ერთ-ერთმა პირველმა მსოფლიოში, დაგეგმა და დაიწყო ამ სინდრომის პათომორფოლოგიური, პათოფიზიოლოგიური, კლინიკური და პრევენციული ასპექტების შესწავლა (მ. წინამძღვრიშვილი, ი. ტატიშვილი, რ. კაპანაძე, გ. მამალაძე). ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა, რომ უეცარი სიკვდილის რისკს უმეტესად განაპირობებს გულის იშემიური დაავადება. პათომორფოლოგიურად დადასტურდა გულის კუნთის სტრუქტურული ცვლილებები, მაგრამ გულის ინერვაციული მექანიზმების აფერენტულ და პარასიმპათიკურ ნაწილებში მსგავსი ცვილებები ვერ გამოვლინდა. პრობლემის შესწავლის მიზნით, 70-იან წლებში გ. მამალაძე მიავლინეს ქ. ბოსტონში (აშშ), ნობელის პრემიის ლაურეატთან, არითმოლოგ ბ. ლაუნთან.
მ. წინამძღვრიშვილის ხელმძღვანელობით ინ-ტში მუშავდებოდა გულის კუნთის დაზიანების, ე. წ. დისტროფიის პრობლემა. მისი კონცეფციის მიხედვით, არსებობდა მიოკარდიუმის დისტროფიული დაზიანების ორი ვარიანტი – ექსტრა- და ინტრაკარდიული. პირველი გულისხმობს ყველა ექსტრაკარდიულ (არა გულ-სისხლძარღვთა) მიზეზს: ეგზოგენურ ინტოქსიკაციებს, ენდოკრინულს, ანემიებს და სხვ., მეორე ვითარდება საკუთრივ ინტრაკარდიული ფაქტორების (გულის კორონაროსკლეროზი, გულის მანკები) შედეგად განვითარებული გულის უკმარისობით. მ. წინამძღვრიშვილი თვლიდა, რომ მიოკარდიუმის დისტროფიის დიაგნოზის ჩანაცვლება გულის უკმარისობის დიაგნოზით პრინციპულად არასწორია. თითქმის 60 წლის შემდგომ ევროპის კარდიოლოგთა საზ-ბის პოზიციები და თანამედროვე კლასიფიკაციები გულის კუნთის დაავადებების, კარდიომიოპათიების მორფოფუნქციური კრიტერიუმების შესახებ ბევრ ასპექტში თანხვდება წინამძღვრიშვილისეულ ხედვას გულის კუნთის დისტროფიების ბუნებისა და განსაზღვრებების თაობაზე.
ი. ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით ინ-ტში 1960-იდან დაიწყო ათეროსკლეროზის გავრცელების შესწავლა. გამოვლინდა რიგი ეპიდემიოლოგიური მახასიათებლები, გენდერული და ათეროსკლეროზის სხვადასხვა რისკ-ფაქტორთა თავისებურებები ქვეყნის მოსახლეობაში. კლინიკური კვლევების უკვე ამ ეტაპზე დადგინდა, რომ ეკგ-ს მონაცემებით ათეროსკლეროზული დაზიანება უფრო ხშირად გვხვდება კორონარულ სისხლძარღვებში, ვიდრე რენტგენოლოგიურად გამოვლენილ აორტის სტრუქტურაში. ბ. წინამძღვრიშვილმა, გ. მჭედლიშვილმა 1986–2000 ინ-ტში შეისწავლეს მიკრო-ცირკულატორული და სისხლის რეოლოგიურ რისკ-ფაქტორთა როლი ჰიპერტენზიისა და გულის იშემიური დაავადების განვითარებაში.
კვლევების შედეგად დადგინდა ჰემორეოლოგიური დარღვევების დიაგნოსტიკური და პროგნოზული მნიშვნელობა ესენციური ჰიპერტონიის დროს, მათი როლი დაავადებისა და მისი გართულებების პათოგენეზში.
საქართვ. კარდიოლოგთა საზ-ბას წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა კარდიოლოგიის ინ-ტის დირექტორი ვ. ქავთარაძე. 1991 კარდიოლოგიის ინ-ტში შედგა საქართვ. კარდიოლოგთა ასოციაციის დამფუძნებელი კონფერენცია (დამფუძნებლები: ზ. ფაღავა, თ. გაფრინდაშვილი, თ. არეშიძე, თ. კვანტალიანი). პრეზიდენტად აირჩიეს კარდიოლოგიის ინ-ტის დირექტორი ბ. ქობულია. 2004 ინ-ტში შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რ-მაც დააარსა საქართვ. ჰიპერტონიის ლიგა (შემდგომში ჰიპერტონიის შემსწავლელი საზ-ბა; პრეზიდენტი – ბ. წინამძღვრიშვილი).
ლიტ.: ქავთარაძე ვ., კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ინსტიტუტი, თბ., 1982; წინამძღვრიშვილი მ., ესენციალური ჰიპერტონიის პრობლემა საქართველოში, თბ., 1947; Кавтарадзе В. Гванцеладзе В., Некоторые итоги научно-исследовательской деятельности Института Клинической и Экспериментальной Кардиологии им. акад. М. Д. Цинамдзгвришвили Тб., 1971.
ბ. წინამძღვრიშვილი