კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, აკად. ფ. თოდუას სახელობის სამედიცინო ცენტრი, მრავალპროფილური, წამყვანი სამეცნ.-კვლ. და კლინ.-დიაგნოსტიკური დაწესებულება რადიოლოგიის, ონკოლოგიისა და ქირურგიის დარგში. 1990 დააარსა აკად. ფ. თოდუამ. მან ინ-ტი განვითარების სრულიად ახალ, თანამედროვე საფეხურზე აიყვანა, დანერგა კვლევის უახლესი მეთოდები რადიოლოგიის, ინტერვენციული რადიოლოგიის, ონკოლოგიის, სხივური თერაპიის, ქირურგიის, ენდოსკოპიის მიმართულებით. 2017 ინ-ტს მიენიჭა მისი სახელი.
კმს-კი აღჭურვილია უახლესი ტექნიკით, ამასთანავე, გამორჩეულია პროფ. კადრებით და პრობლემისადმი მულტიდისციპლინური მიდგომით, რაც გულისხმობს კლინიკური და დიაგნოსტიკური მიმართულებების ჰარმონიულ სინთეზს.
აღსანიშნავია, რომ ინ-ტმა პირველმა შემოიტანა საქართველოში მრავალშრიანი კომპიუტერული ტომოგრაფი; მაღალი სიმძლავრის მაგნიტურ-რეზონანსული და ერთფოტონიანი ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფები (რამაც ხელი შეუწყო რადიოლოგიისა და რადიონუკლიდური დიაგნოსტიკის განვითარებას საქართველოში); ენდოცისტოსკოპი, პირველი (კავკასიის რეგიონში) ორმილიანი კომპიუტერული ტომოგრაფი (უნიკალური აპარატი, რ-ის მეშვეობით შესაძლებელია ყოველგვარი ინვაზიის გარეშე გულის მკვებავი კორონარული სისხლძარღვების მდგომარეობის სარწმუნო შეფასება) და სხვა უახლესი სადიაგნოსტიკო და სამკურნ. აპარატურა. აქ მუდმივად მუშავდება და კლინ. პრაქტიკაში ინერგება ახალი ტექნოლოგიები, კვლევისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები.
ცენტრი უნიკალურია არამარტო აღჭურვილობით და კადრების პროფესიონალიზმით, არამედ ორიგ. კონცეფციით, რაც გამოიხატება კლინ. განყ-ბებისა და დიაგნოსტიკური ნაწილის ჰარმონიული შერწყმით, მულტიდისციპლინური მიდგომით. ინ-ტში ფუნქციონირებს რენტგენოლოგიური, ულტრაბგერითი, კომპიუტერული ტომოგრაფიის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის, რადიონუკლიდური, პოზიტრონ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფიის, ინტერვენციული რადიოლოგიის, ენდოსკოპიური კვლევის, ბრონქოსკოპიის, ტრანსბრონქული კვლევების, ასევე კლინ. ონკოლოგიის, სხივური თერაპიის, ონკოქირურგიის, ნეიროქირურგიის, ზოგადი, აბდომინალური, გინეკოლოგიური, უროლოგიური, პროქტოლოგიური, სისხლძარღვთა ქირურგიის განყ-ბები.
ინ-ტში წლების განმავლობაში დამუშავდა არაერთი თემატიკა. ჩატარებული სამეცნ. კვლევის შედეგები დაინერგა პრაქტიკაში. გადაიჭრა დაავადებათა ადრეული კომპლექსური დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მნიშვნელოვანი საკითხები. ადგილობრივ და საერთაშ. კონფერენციებზე კეთდება მოხსენებები. ჩატარებული კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია 3000-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომისა და 14 მონოგრაფიის სახით, რ-ებსაც არაერთგზის აქვს მიღებული საქართვ. სახელმწ. და სახელობითი პრემიები.
ცენტრს მნიშვნელოვანი საერთაშ. კონტაქტები აქვს ევროპისა და აშშ-ის კლინიკებთან. ყოველწლიურად ტარდება ევროპისა და ამერიკის ასოციაციებისა და სკოლების საგანმან. კურსები რადიოლოგიის, ონკოლოგიის, სხივური თერაპიის, ნევროლოგიის, ქირურგიის დარგში.
ინ-ტის ბაზაზე ფუნქციონირებს თსუ-ის სამედ. რადიოლოგიისა და ენდოსკოპიის კათედრა, თსსუ-ის სამედ. რადიოლოგიის დეპარტამენტის რეზიდენტურის პროგრამები, ექიმთა კვალიფიკაციის ამაღლების, კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის სასწავლო ცენტრები.
ს. კახაძე