დრაკონციუსი

დრაკონციუსი ბლოსიუს ემილიუს (Dracontius Blossius Aemilius) (V ს. მიწურული), რომაელი მწერალი, იურისტი. მოღვაწეობდა კართაგენში.

ქრისტ. პოეტური თხზულებების გარდა მას ეკუთვნის წარმართული შინაარსის ნაწარმოებებიც, მ. შ. არგონავტების თქმულების თავისებური ვერსია – დაახლ. 600-სტრიქონიანი ეპილიონი „მედეა". მოქმედების დიდი ნაწილი (იასონისა და მედეას ქორწინება, ბავშვების დაბადება და სხვ.) ხდება კოლხეთში, რ-იც უკიდურეს ჩრდილოეთში მდებარე ყინულოვან სკვითიასთან არის გაიგივებული. ნაწარმოებში მედეა ყოვლისშემძლე ჯადოქარი და, იფიგენიას მსგავსად, დიანას ტაძრის ქურუმია, იასონის სახე კი ზერელე და სქემატურია.

ოქროს საწმისის გამტაცებლები საბერძნეთში გაიქცევიან, მაგრამ კორინთის მაგივრად თებეს გამგებელ კრეონტთან ჩადიან. თხზულების ბოლოს გლავკეს, კრეონტისა და შვილების გარდა, მედეას შურისძიების მსხვერპლი ხდება იასონიც.

ა. მიქაბერიძე