კნორინგი კარლ თედორეს ძე [22. V. (2. VI.) 1746, – 12 (24). II. 1820, მოსკოვი], რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1798), რუს. ჯარების პირველი მთავარსარდალი საქართველოში. 1799 მარტს დანიშნეს კავკ. ქვეითი ჯარის ინსპექტორად და კავკ. ხაზის სარდლად. 1801 წ. 24 მარტს ჩამოვიდა საქართველოში. პირველი ღონისძიება, რ-იც მან განახორციელა, იყო დავით ბატონიშვილის გადაყენება და ,,საქართველოს მმართველად“ გენ. ი. ლაზარევის დანიშვნა.
კ-მა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რუსეთთან აღმ. საქართველოს შეერთების საქმეში. მან მთავრობის დავალებით ,,დასკვნა“ წარუდგინა რუსეთის სახელმწ. საბჭოს, რ-შიც ნათქვამი იყო, რომ ქართლ-კახეთის სახელმწიფოს დამოუკიდებლად არსებობა არ შეეძლო და მისი ,,ხსნა“ მხოლოდ ამ სახელმწიფოს გაუქმებითა და თვითმპყრობლური მმართველობის დანერგვით შეიძლებოდა, რაზედაც, თითქოს, ქართველი ხალხი და მისი მმართველები თანხმობას აცხადებდნენ. ეს, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეეფერებოდა. ამ ,,დასკვნას“ მოჰყვა ალექსანდრე I-ის მანიფესტი (1801 წ. 12 სექტ.). დიდი მარხვის ვნების კვირაში, ოთხშაბათს (1802 წ. 12 აპრ.), კ-მა რუსი ჯარისკაცებით ალყაშემორტყმულ სიონის ტაძარში შეკრებილ ქართველ საზ-ბას მანიფესტი გააცნო. იგი ძალით აპირებდა ხალხის დაფიცებას ახალ განწესებულ კანონზე. ალექსანდრე I-ის მანიფესტს საქართველოში მძლავრი პროტესტი მოჰყვა. კ. შემდეგში სამოქალაქო საქმეთა მთავარმართებლად დაინიშნა. მან თავისი საქმიანობით უკმაყოფილება გამოიწვია როგორც საქართველოში, ისე პეტერბურგში. 1803 დამდეგს კ. გადააყენეს.
ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973; სურგულაძე ა., ნიკოლოზ ბარათაშვილის ეპოქა, თბ., 1968; სურგულაძე ა., სურგულაძე პ., საქართველოს ისტორია, თბ., 1991; ჯანელიძე ო., საქართველოს ახალი და თანამედროვე ისტორია, თბ., 2009; Потто В. А., Кавказская война в отдельных очерках, эпизодах, легендах и биографиях, 2 изд., т. 1–5, СПб.–Тфл., 1887–99.
ლ. მანიავა