კობალაძე კობა თენგიზის ძე

კ. კობალაძე

კობალაძე კობა თენგიზის ძე (დ. 7. VII. 1969, თბილისი), გენერალ-მაიორი (2001). საქართველოს ეროვნ. გვარდიის სარდალი (2001–04). სწავლობდა ქ. რიაზანის საჰაერო-სადესანტო უმაღლეს სამეთაურო სასწავლებელში (1994–96), დაამთავრა თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტი (1999), მოსკ. ფრუნზეს სახ. სამხ. აკადემია (1999), ჩინეთის სახ. რესპუბლიკის გენ. შტაბის აკადემია (2001). სხვებთან ერთად ჩამოაყალიბა შავნაბადას დაზვერვის ბატალიონი და იყო მისი მეთაური, აგრეთვე – მე-11 მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური საბრძოლო მომზადების დარგში. 1991–94 აქტიურად მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში სამაჩაბლოსა და აფხაზეთში. 1992 დაინიშნა ქ. ფოთის კომენდანტად, 1999 – დასავლეთის ოპერატიული მიმართულების სარდლად. 2000–01 იყო სახმელეთო ჯარების სარდალი. 2001– 02 ხელმძღვანელობდა ქვეყნის ტერიტ. დაცვის ორგანიზებას ხევსურეთში, ზემო სვანეთსა და კოდორის ხეობაში. 2004, საკუთარი განცხადების საფუძველზე, გავიდა თადარიგში და რეზერვში ჩაირიცხა. 2008 დააარსა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საქართველოს გენერალთა კლუბი“. 2009–10 დაპატიმრებული იყო პოლიტ. ნიშნით, დანაშაულის არ არსებობის გამო გაათავისუფლეს. 2016 დაინიშნა ვეტერანების საქმეთა სახელმწ. სამსახურის დირექტორად. იყო საქართვ. მე-9 მოწვევის პარლამენტის (2016–20) წევრი პარტია ,,ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოდან“. სპორტის ოსტატი კრივსა და ხელჩართულ ბრძოლაში.

კ. არის ვახტანგ გორგასლის ორდენის სრული კავალერი (2002). მიღებული აქვს სამშობლოს ერთგულებისა და თავდადების I ხარისხის ,,ოქროს სამკერდე ნიშანი“ (2002).

ლ. დოლიძე