კობახიძე დავით სტეფანეს ძე

დ. ს. კობახიძე  

კობახიძე დავით სტეფანეს ძე [20. II (4). III. 1885, სამტრედია, – 5. V. 1947, თბილისი], რეჟისორი. საქართვ. სახ. არტისტი (1929). 1902-იდან მონაწილეობდა „ავჭალის აუდიტორიის“ წარმოდგენებში. 1903 შეეცადა რევოლუციური თეატრ. ჯგუფის ჩამოყალიბებას – მართავდა წარმოდგენებს მუშებისათვის, დგამდა სოც. შინაარსის პიესებს. 1917 თებერვლის რევოლუციის შემდეგ შექმნა რევოლუციური მიმართულების მოძრავი თეატრი – პროლეტარული მოგზაური დასი „დემოსი“, რ-მაც 1920-მდე იარსება. კ-ის ინიციატივით, შემოქმედებითი კადრების გაზრდის მიზნით, ჩამოყალიბდა ტექნიკუმი, რ-ის ბაზაზე გაიხსნა პროლეტკულტის ,,წითელი თეატრი“» (1924–26). აქ კ-მ დადგა სპექტაკლები ვერჰარნის ,,რიჟრაჟი“, ,,აჩრდილი დადის ევროპაში“ (კომუნისტური პარტიის მანიფესტის პოპულარობისთვის), ლოპე დე ვეგას ,,ცხვრის წყარო“. 1929–37 ხელმძღვანელობდა თავისსავე დაარსებულ მოძრავ საკოლმეურნეო თეატრს, ზესტაფონისა და ყვარლის სცენისმოყვარეთა და პროფ. თეატრებს. 1933 სვანეთში ჩამოაყალიბა თვითმოქმედი დრამ. კოლექტივი, რ-ის საფუძველზე მესტიაში შეიქმნა სახალხო თეატრი. სიცოცხლის ბოლო წლებში მართავდა გასვლით სპექტაკლებს. მასვე ეკუთვნის წიგნი „იატაკქვეშა თეატრი“.