კობახიძე მიხეილ გერმანეს ძე (5. IV. 1939, თბილისი, – 3. X. 2020, იქვე), კინორეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი. დაამთავრა მოსკოვის კინემატოგრაფიის საკავშ. სახელმწ. ინ-ტის სადადგმო ფაკ-ტის სარეჟისორო განყ-ბა (რეჟ-ების ს. გერასიმოვისა და თ. მაკაროვას სახელოსნო, 1965). ინ-ტში გადაღებულ პირველსავე ლირიკულ კინონოველებში (,,ახალგაზრდა სიყვარული“, 1961; ,,კარუსელი“, 1962) გამოიკვეთა მისი შემოქმედებითი სტილის თავისებურებები – გამოსახულების დოკუმენტურობასთან შერწყმული პირობითობა, სამსახიობო შესრულების პლასტიკური დახვეწილობა და ექსცენტრიზმი. ამ და შემდგომ გადაღებულ ,,უსიტყვო მოთხრობებში“ – პოეტურ
კინომინიატიურებში ,,ქორწილი“ [1964 – ,,გრან-პრი“, კინოჟურნალისტთა საერთაშ. ფედერაციის პრიზი და ,,ინტერფილმის“ პრიზი ობერჰაუზენის (გფრ) საერთაშ. კინოფესტივალზე, 1965; ბუენოს აირესის (არგენტინა) საერთაშ. კინოფესტივალის პრიზი, 1966], ,,ქოლგა“ [1967; იმავე წელს კრაკოვის (პოლონეთი) საერთაშ. კინოფესტივალის პრიზი], ,,მუსიკოსები“ (1969). კ-მ შექმნა სიყვარულის, ზღაპრის, თამაშის სამყარო, პლასტიკისა და მუსიკის ენით გვიამბო ახალგაზრდობაზე, გაცრუებულ ოცნებებზე, ადამიანურ სისუსტეებზე, განშორების ტკივილსა და გულწრფელ ურთიერთობათა სიხარულზე. ფილმ ,,მუსიკოსების“ გადაღების შემდეგ სსრკ კინემატოგრაფიის სახელმწ. კომიტეტის განკარგულებით კ-ს დამოუკიდებლად ფილმების გადაღება აეკრძალა. 1996-იდან ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი ,,გზაზე“ (2002).
კ. თვითონ წერდა სცენარებს თავისი ფილმებისათვის, აფორმებდა მუსიკალურად და მონაწილეობდა როგორც მსახიობი (,,ახალგაზრდა სიყვარული“, ,,მუსიკოსები“). მისი სცენარებით გადაღებულია კინონოველები ,,რბოლა“ (რეჟ. თ. გომელაური, 1977), ,,ორშაბათი“ (რეჟ. ნ. გარდაფხაძე, 1986) და ანიმაციური ფილმები: ,,ოპტიმისტი“ (1972; რეჟ. ი. დოიაშვილი), „ცნობისმოყვარე“ (1972), „გამოქვაბულში“ (1975), „ჰარმონია“ (1989; სამივეს რეჟ-ები გოგი და გივი კასრაძეები), „ქარიშხალი ზღვაზე“ (1976), „ტრაპეზი“ (1991; ორივეს რეჟ. გივი კასრაძე), „საიდუმლო (1980), „მოსავალი“ (1987), „ურჩხული“ (1990; სამივეს რეჟ. გოგი კასრაძე), „მწვანე ტოტი“ (1988; რეჟ. მ. სარალიძე), „უძლიერესნი“ (1997; რეჟ. ა. ისიანი).
მ. კერესელიძე