კობეშავიძე ჰამლეტ მიხეილის ძე (25. II. 1935, თბილისი, – 5.VI. 2020, იქვე), ქორეოგრაფი და მოცეკვავე. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1980). ქორეოგრაფიის ხელოვნებას ეზიარა თბილ. მილიციის სამმართველოსთან არსებულ ბავშვთა ანსამბლში, მამის, მ. კობეშავიძის ხელმძღვანელობით. 1954-იდან სათავეში ჩაუდგა ახალგაზრდულ ანსამბლს (1975-იდან – „მხედრული“), რ-იც მრავალი რესპ. და საერთაშ. ფესტივალის ლაურეატი გახდა. 1957 ანსამბლმა მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდობისა და სტუდენტთა მე-6 მსოფლიო ფესტივალში და სამახსოვრო მედლით დაჯილდოვდა. 1960–64 კ. ანსამბლის სოლისტებთან ერთად მიწვეული იყო მოსკოვში, საკავშ. პროფსაბჭოს სიმღერისა და ცეკვის ნაკრებ ანსამბლში. მათთან ერთად გასტროლებით შემოიარა უცხოეთის ქვეყნები. 1975 გდრ-ში დიდი წარმატება ხვდა წილად კ-ის მიერ დადგმულ ,,ხევსურულ ბალადას“ და ,,თბილისურ სატრფიალოს“. 1976 ანსამბლის სოლისტთა ჯგუფმა 12 კაცის შემადგენლობით მონაწილეობა მიიღო იაპონიაში გამართულ ცეკვის მსოფლ. ფესტივალში, სადაც კ. დაჯილდოვდა ოქროს მედლით „მინონი“. 1977 ცეკვის საერთაშ. ფესტივალზე ქ. ბუგასში (ბულგარეთი) ანსამბლმა ,,მხედრულმა“ პირველი ადგილი და ოქროს მედალი დაიმსახურა.
დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2000).
ლიტ.: სუხიშვილი გ., ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი, თბ., 1988.