კოგნიტური ფსიქოლოგია, ფსიქოლოგიის განხრა, რ-იც შეისწავლის კოგნიტურ, ანუ ადამიანური ფსიქიკის შემეცნებით პროცესებს (შეგრძნება-აღქმა, მეხსიერება, ყურადღება, აზროვნება და ინტელექტი, მ. შ. ხელოვნური, მეტყველება, წარმოსახვა, გადაწყვეტილების მიღება). კ. ფ. აგრეთვე ეწოდება თანამედროვე ფსიქოლ. ყველაზე გავრცელებულ მიმდინარეობას, რ-იც შეიქმნა აშშ-ში XX ს. 60-იანი წლების დასაწყისში ბიჰევიორიზმის ალტერნატივად. კ. ფ-მ მოახდინა ფსიქიკისა და ცნობიერების, როგორც მეცნ. კვლევის საგნის, რეაბილიტაცია. იგი განიხილავს ქცევას კოგნიტური ფაქტორებით განპირობებულ აქტივობად. ამ მიმართულებას ეკუთვნის ა. ბანდურას, ჯ. კელის, ჟ. ნიუტენის, ჯ. როტერის, ლ. ფესტინგერის, ჯ. მილერის, ი. გალანტერის, კ. პრიბრამისა და სხვათა ზოგადფსიქოლ. თეორ. სისტემები, ასევე კ. ფ-ის პრინციპებზე დაფუძნებული ფსიქოთერაპიული მოდელები
(ა. ბეკი, ა. ელისი, დ. მეიჰენბაუმი და სხვა). ეს თეორიები მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა მათ აერთიანებს ერთი არსებითი გარემოება – ისინი კოგნიტურ ფაქტორებზე დაფუძნებული ზოგადი ამხსნელი კონცეფციებია. მათი ძირითადი ნიშანი ქცევისა და პიროვნების კოგნიტური, ცოდნისეული განპირობებულობის კანონზომიერებათა ძიებაა.
კ. ფ-ის მონაცემები ფართოდ გამოიყენება ფსიქოლ. სხვა განაყოფებში, კერძოდ, სოციალურ, პიროვნების, კლინიკურ, განათლების ფსიქოლოგიაში, ფსიქოლინგვისტიკაში, ნეიროფსიქოლოგიაში და ა. შ. კ. ფ. დაარსებიდანვე იყენებს ე.წ. ინფორმაციულ მიდგომას და ადამიანის ფსიქ. და ტვინის მოქმედებას კომპიუტერის პროცესორის ფუნქციონირების მსგავსად განიხილავს, რაც ნიშნავს, რომ კომპიუტერის მსგავსად ადამიანში ინფორმაცია აისახება, გაიშიფრება, კლასიფიცირდება, შეინახება და გამოიყენება, ანუ ხდება ინფორმაციის გადამუშავება. თითოეული შემეცნებითი პროცესი უზრუნველყოფს ინფორმაციის გადამუშავების სხვადასხვა სტადიას, დაწყებული ცნობათა მოძიებითა და შენახვა-გადამუშავებით, დამთავრებული მისი გამოყენებით აქტიურობის რეგულაციაში. შემეცნებით პროცესებს კლასიკურ ფსიქოლოგიაშიც იკვლევდნენ, მაგრამ კ. ფ-მ ამ ფენომენთა ბევრად უფრო ღრმა, ზუსტი და მრავალმხრივი შესწავლა მოახერხა. ამისთვის შეიქმნა მრავალი ახალი, დახვეწილი და ზედმიწევნით ზუსტი ლაბორ. მეთოდიკა. შემეცნების პროცესში მონაწილე მოვლენების უფრო დიფერენცირებული და მკაცრი აღწერა-დახასიათებისთვის შემოიღეს მრავალი ახ. ტერმინი მხედველობითი, ვერბალური, სივრცითი თუ სხვა კოდები, ანალოგური და სივრცითი რეპრეზენტაციები, სხადასხვა რიგის იზომორფიზმები, სენსორული რეგისტრები, იკონიკური და ექოიტური მეხსიერება, მრავალგანზომილებიანი სივრცეები, შაბლონები, სემანტიკური ბადეები, მულტიკომპონენტური ფაქტორები და ა. შ. შემუშავდა მრავალი მნიშვნელოვანი ახსნითი მოდელი. დღეს კ. ფ. მოიაზრება როგორც მძლავრი დისციპლინათშორისი მეცნ. მიმართულების, ე. წ. კოგნიტივიზმის (კოგნიტური მეცნიერების) შემადგენელი ნაწილი, რ-იც მოიცავს აგრეთვე შემეცნების თეორიას, კოგნიტურ ნეირომეცნიერებას, კოგნიტურ ლინგვისტიკას და ხელოვნ. ინტელექტის თეორიას.
საქართველოში შემეცნებითი ფსიქ. ფუნქციების შესწავლა დიდი ხანია მიმდინარეობს და მას დ. უზნაძემ ჩაუყარა საფუძველი. მან სპეციალური ექსპერიმენტული და თეორ. გამოკვლევები მიუძღვნა ფსიქოლ. საკითხებს. მსოფლიო ფსიქოლ. ოქროს ფონდშია შესული დ. უზნაძის მიერ მოპოვებული მონაცემები აღქმის, აზროვნების, მეტყველების, ყურადღების ფსიქოლ. სფეროში. კერძოდ, დ. უზნაძემ გაარკვია მიმართება აღქმის საგანსა და მის სენსორულ შინაარსს შორის (მნიშვნელობის წვდომის პრობლემა); ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ საგნებისა და მოვლენებისთვის სახელის დარქმევა სრულიად შემთხვევით არ ხდება და მათ შორის გარკვეული შინაგანი შესაფერისობა არსებობს (სახელდების პრობლემა); დაადგინა ცნების ონტოგენეზის მნიშვნელოვანი კანონზომიერებანი (ცნების ფუნქციონალური ეკვივალენტის საკითხი); შექმნა ცნობიერების კოგნიტურ-ვოლიტური ფუნქციონირების ზოგადი კონცეფცია (ობიექტივაციის პრობლემა).
ქართვ. ფსიქოლოგებმა სხვადასხვა დროს შეისწავლეს შეგრძნების, აღქმისა და წარმოსახვის პროცესები (ი. ბჟალავა, ნ. ელიავა, ქ. მდივანი, შ. ნადირაშვილი, რ. ნათაძე, ო. ტაბიძე, გ. ქირია, ზ. ხოჯავა და სხვ.); მეხსიერება (ვ. გრიგოლავა, ე. კეჟერაძე, დ. ფარჯანაძე, ა. ფრანგიშვილი, მ. წერეთელი და სხვა); ყურადღება (გ. ბაქრაძე, ა. მოსიავა, ჟ. ნეფარიძე და სხვ.); აზროვნება (ნ. ელიავა, შ. ნადირაშვილი, რ. ნათაძე, დ. რამიშვილი, მ. ყოლბაია, ზ. ვახანია და სხვ.); ენა და მეტყველება (ა. ალხაზიშვილი, ა. ავალიშვილი, ა. ბაინდურაშვილი, ნ. იმედაძე, გ. კეჩხუაშვილი, გ. მჭედლიშვილი, დ. რამიშვილი, რ. საყვარელიძე, ნ. ჭრელაშვილი და სხვ.).
ლიტ.: იმედაძე ი., ფსიქოლოგიის ისტორია, თბ., 2014; კაკიაშვილი მ., კოგნიტური ფსიქოლოგია. თბ., 2010; უზნაძე დ., შრომები, ტ. 1–6, თბ., 1956–77; წერეთელი მ., კოგნიტური ფსიქოლოგია, თბ., 2012; Величковский Б. М., Когнитивная наука. Основы психологии познания. т. 1-2, М., 2006; Когнитивная психология: история и современность, М., 2011; Солсо Р., Когнитивная психология, СПб., 2006; Cognitive Psychology / Ed. by N. Braisby& A. Gellatly. Oxford, 2012; Goodwin C. J. A. History of Modern Psychology. N. Y. 2012; Pervin L. A., John O. P. Personality: theory and research. N. Y. 1997.
ი. იმედაძე