კოდალასებრნი (Picidae), ფრინველების ოჯახი კოდალასნაირთა რიგისა. აერთიანებს ტანად საშუალო და მომცრო (8–50 სმ-მდე) ზომის ფრინველებს. ნაირგვარი, მკვეთრი შეფერილობა აქვთ. თავი ზემოდან და ზოგჯერ ბოლოსქვეშა ბუმბულიც წითელია, ბუმბულსაფარველი – უხეში. საჭის ბუმბული მოქნილი და მაგარღერძიანია. ფრთა ფართოა, ბოლოში – მომრგვალებული. თავის ქალა დიდი და მაგარია. სწორი ნისკარტი დაფარულია სქელი საფარველით და ბოლოში სატეხისებურადაა წამახვილებული. ჭიისმაგვარი გრძელი ენის წაწვრილებულ ბოლოზე ჯაგრისებური გამონაზარდები აქვთ. მოკლე ფეხებზე 2 თითი წინ, ორიც უკანაა მიმართული, ზედ მოხრილი ბასრი ბრჭყალებია. კ-ის უმრავლესობა ტყეში ცხოვრობს, კარგად ცოცავენ ხის ღეროებსა და ტოტებზე. სატეხისებრი ნისკარტით ტეხენ ქერქს, საიდანაც გრძელი, წვეტიანი ენით ამოჰყავთ სხვა ფრინველებისათვის მიუწვდომელი მწერები და მათი მატლები. ჩვეულებრივად ბუდობენ ხის ფუღუროში. მრავლდებიან წელიწადში ერთხელ. კ. გავრცელებულია ტყეებსა და ბუჩქნარებში ყველგან, გარდა ავსტრალიის, მადაგასკარისა და პოლინეზიის კუნძულებისა. ოჯახში 36-45 გვარი და 224-მდე სახეობაა, ამათგან საქართველოში გვხვდება 4 გვარის 8 სახეობა: მაქცია (Jynx torquilla), მწვანე კოდალა (Picus viridis), შავი კოდალა (Dryocopus martius), დიდი ჭრელი კოდალა (Dendrocopos major), სირიული კოდალა (Dendrocopos syriacus), თეთრზურგა კოდალა (Dendrocopos leucotos), საშუალო ჭრელი კოდალა (Leiopicus medius), მცირე ჭრელი კოდალა (Picoides minor).
მ. კუტუბიძე