კოდექსი

კოდექსი (ლათ. codex – კრებული, წიგნი), საკანონმდებლო აქტის სახე, რომელშიც გაერთიანებულია და სისტემატიზებული სახით არის წარმოდგენილი სამართლის ამა თუ იმ დარგის ნორმები. ისტორიულად კ. პირველი ხელნაწერი წიგნია, რ-იც მოიცავს წმ. წერილს, უძველეს ლიტერატურას, მითოლ., თუ ისტ. ჩანაწერებს. კ. თანამედროვე წიგნის პირველ ნიმუშს წარმოადგენს. მან შეცვალა პაპირუსის გრაგნილები და ცვილის დაფები. პირველ ქართულ კ-ად მიჩნეულია ქართლის მეფე ვახტანგ VI-ის (1675–1737) თაოსნობით შექმნილი კანონთა კრებული. მეფემ თავი მოუყარა საეკლ. და საერო სამართლის ძვ. ქართულ და უცხოურ წიგნებს; ამასთანავე, თვითონაც შეადგინა სამართლის წიგნი, რ-იც, მართალია, ქართლის სამეფოსთვის იყო შექმნილი, მაგრამ მთელ საქართველოში მოქმედებდა. კ. მიიღება ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს მიერ. საქართვ. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, კ. არის განსაზღვრული (ერთგვაროვანი) საზოგადოებრივი ურთიერთობების მომწესრიგებელი სამართლებრივ ნორმათა სისტემატიზებული ნორმატიული აქტი. კ. ქვეყნის შიდა კანონმდებლობის ნაწილია. იგი ჩვეულებრივი კანონის ერთ-ერთი სახეა და არ გააჩნია სხვა კანონებთან შედარებით უპირატესი ძალა. კ. საქართვ. საკანონმდებლო აქტების იერარქიაში დგას ორგანული კანონისა და პრეზიდენტის დეკრეტის ქვემდგომ საფეხურზე (საქართველოს პარლამენტის რეგლამენტთან ერთად). კ-ს, როგორც საკანონმდებლო აქტს, უპირატესობა გააჩნია კანონქვემდებარე აქტების მიმართ. იგი სამართლის ამა თუ იმ მიმართულების ძირითადი წყაროა. მაგ.,  საქართვ. სამოქალაქო კ. შეიცავს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელ ყველა ძირითად ნორმას. სამართლის ნორმათა სისტემატიზებული კრებულის მსგავსად, ეთიკის კ. (ზოგჯერ – ქცევის კ.) მორალის ნორმების ერთობლიობაა, რ-იც საზოგადოების ცალკეულ ჯგუფში მოქმედებს ამ ჯგუფის წევრთა ქცევის წესების განსაზღვრის მიზნით. ეთიკის კ. საზ-ბის შესაბამისი ჯგუფის წევრთა ასოციაციების მიერ არის მიღებული. მაგ., საქართველოში მოქმედებს ჟურნალისტთა ეთიკის კოდექსი (მიღებულია საქართვ. ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაციის მიერ); საქართვ. სამოსამართლო ეთიკის წესები (მიღებულია საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს – საქართვ. მოსამართლეთა კონფერენციის მიერ). ზოგიერთი ქცევის კოდექსი დამტკიცებულია ნორმატიული აქტით, მაგ., შრომის ინსპექტორთა ქცევის კოდექსი – საქართვ. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოც. დაცვის მინისტრის ბრძანებით; პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის თანამშრომელთა ეთიკის კოდექსი – პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ბრძანებით. ეთიკის კ-ის ნორმების დარღვევის შემთხვევაში გამოიყენება მისი მიმღები ასოციაციის მიერ შემუშავებული სანქციები. ეთიკის კ-ის ნორმების დაცვა არ არის უზრუნველყოფილი სახელმწ. რეპრესიული მექანიზმის მოქმედებით, მაგრამ მათი დარღვევა შეიძლება გახდეს დისციპლინური ზემოქმედების ზომის გამოყენების საფუძველი.

ი. უჯმაჯურიძე