კოდისწყარო

კოდისწყარო, სოფელი შიდა ქართლის რეგიონის კასპის მუნიციპალიტეტში, შიდა ქართლის ვაკეზე, მდ. ლეხურის მარჯვ. ნაპირზე. თემის ცენტრი (სოფლები კ., ზადიანთკარი, ზემო რენე, ნიგოზა, სარიბარი, ქვემო რენე, ყარაფილა, ჩობალაური). ზ. დ. 740  მ, კასპიდან 22 კმ. 216 მცხ. (2014). 1800 წლის საბუთის მიხედვით სამთავნელს კ-ში ყმები ჰყავდა.

სოფლის განაპირას, ადგილ ხრიაკების დაქანებულ ფერდობზე მიკვლეულია ადრეფეოდ. ხანის ნამოსახლარი და სამაროვანი. ნამოსახლარს კვეთს ნიაღვრებისგან წარმოქმნილი პატარა ხევი, რ-ის ნაპირების ჭრილში ჩანს ნაცროვან-ნახშიროვანი (სისქე 1 მ) მძლავრი კულტურული ფენა. მასში იპოვება წითლად გამომწვარი კერამიკის ფრაგმენტები. სამაროვანი მდებარეობს ნამოსახლარის ჩრდ-ით 50 მ-ში. ხრამის ნაპირების ჭრილში ჩანს ნახევრად გაშიშვლებული და დანგრეული თიხის სარკოფაგები. გაითხარა ერთი სარკოფაგი, რ-შიც მიცვალებული დაკრძალული იყო ქრისტიანული წესით, უინვენტაროდ. 1982 კ-ს მახლობლად შემთხვევით აღმოჩნდა ვერცხლით ინკრუსტრირებული დიონისეს ბრინჯაოს ქანდაკება (სიმაღლე 0, 2 მ), რ-იც დაცულია კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

სოფლის სასაფლაოზე დგას რიყის ქვით ნაგები წმ. თევდორეს ეკლესია XVIII–XIX სს.

ლიტ.: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990; ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი, რედ. გ. გამყრელიძე, თბ., 2013.