კოდორი

კოდორი. მდინარე

კოდორი, მდინარე დასავლეთ საქართველოში (აფხაზეთის არ). იქმნება მდინარეების ‒ გვანდრისა და საკენის შეერთებით სოფ. მარცხენა გენწვიშთან, ზ. დ. 740 -ზე. ერთვის შავ ზღვას სოფ. აძიუბჟის სამხრ-ით. სიგრძე 84 კმ (გვანდრის სათავიდან 110 კმ), აუზის ფართ. 2030 კმ 2. კ-ის შენაკადთა უმეტესობა სათავეს იღებს კავკასიონის მთავარი ქედის სამხრ. კალთაზე. მისი მთავარი შენაკადებია ჩხალთა, მრამბა, ჯამპალი და ამტყელი. კ-ის აუზში 100-მდე მყინვარია (მარუხი, პტიში, ყლიჩი, კლუხორი, საკენი და სხვ.), რ-თა ფართ. 80 კმ2 აღწევს.

კ. საზრდოობს წვიმის (31,0%), მიწისქვეშა (28,6%), თოვლის (22,6%) და მყინვარული (17,8%) წყლებით. წყალდიდობა იცის მარტის მეორე ნახევრიდან სექტ. ბოლომდე. წყალუხვი მდინარეა. წლ. ჩამონადენის 72% გაზაფხულ-ზაფხულზე მოდის. წყალმოვარდნები იცის შემოდგომაზე, წყალმცირობა – ზამთარში. შესართავთან აჩენს დელტას. კ-ს ადრე ჰენისწყალს უწოდებდნენ. პ. ინგოროყვა თვლიდა, რომ ჰენი ერთ-ერთ ქართველურ ტომს ‒ ჰენიოხებს უკავშირდება. კ. მოხსენიებულია ვახუშტი ბატონიშვილის შრომაში – ,,აღწერა სამეფოსა საქართველოსა“: ,,მოქვს მდინარის დასავლეთ დის კოდორის მდინარე. ამ წყალზედ არს ეკლესია დრანდას, მთაში, გუმბათიანი, შუენიერი, დიდშენი. ზის ეპისკოპოზი, მწყემსი კოდორსა და ანაკოფიის შორისისა ადგილთა“.

ი. აფხაზავა