კოდორის ქედი, აფხაზეთის კავკასიონის სამხრეთი განშტოება, რომელიც მდ. კოდორის აუზს გამოყოფს მდინარეების ‒ ენგურის, ღალიძგის, მოქვისა და სხვა აუზებისაგან. შედგება ორი მონაკვეთისაგან, რ-ებიც ერთმანეთს უკავშირდება ხოჯალის მთის (3313 მ) მასივში. ერთი მონაკვეთი კავკასიონის მთავარი ქედიდან ხოჯალის მთამდე მიმართულია სამხრ.-დას-კენ, 30 კმ სიგრძისაა და დაგვირგვინებულია მოგუაშირხის მწვერვალით. მის შუა ნაწილში, მდ-ების ‒ საკენისა და ნენსკრის წყალგამყოფზე მდებარეობს ხიდას უღელტეხილი (ზ. დ. 2741 მ). კ. ქ-ის ამ მონაკვეთს სვანეთ-აფხაზეთის ქედი ეწოდება. მეორე ნაწილი, ხოჯალის მთიდან მდ. კოდორის ქვემო დინებამდე, განედურადაა გაწოლილი 51 კმ სიგრძეზე და ცნობილია ფანავის ქედის სახელით.
კ. ქ. აგებულია პალეოზოური კრისტ. კომპლექსით, ქვედაიურული ფიქლებით, ბაიოსის პორფირიტული წყებითა და ცარცული კირქვებით. ქედის დასაწყისში, კავკასიონის მთავარ ქედთან მყინვარებია. შემოსილია მდელოებითა და წიწვოვანი ტყით, რ-იც მთავარი ქედიდან ხიდას უღელტეხილამდე ვრცელდება. გარდა ამისა, წიწვოვნები ქმნიან განცალკევებულ „კუნძულს“ ხოჯალის მასივზე. ამ უკანასკნელის დას-ით თავდაპირველად ქრება ნივალური ზონა, შემდეგ ‒ ალპური. კ. ქ-ის დას-ის ნახევარი მთლიანად ტყიან ზონაშია მოქცეული.
ლ. მარუაშვილი