კოზმანიშვილი აპოლონ გრიგოლის ძე

ა. კოზმანიშვილი 

კოზმანიშვილი აპოლონ გრიგოლის ძე (31. XII. 1930, სოფ. ჭოპორტი, ახლანდ. დუშეთის მუნიციპალიტეტი, – 1. VI. 2012, თბილისი), ზოოტექნიკოსი. საქართვ. სოფ. მეურნ. მეცნ. აკად. ნამდვ. წევრი (1992), სოფლის მეურნ. მეცნ. დოქტორი (1979), პროფესორი (1980). 1954 დაამთავრა საქართვ. ზოოვეტერინარული ინ-ტი. 1969 დაინიშნა კომბინირებული საკვების მრეწველობის საკავშ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტის საქართვ. ფილიალის დირექტორად. 1982-იდან იყო საქართვ. ზოოტექ. სასწ.-კვლ. ინ-ტის ცხოველთა კვების კათედრის გამგე, 1989–91 – ამავე ინ-ტის პრორექტორი სამეცნ. დარგში, 1993–2005 კი – სას.-სამ. ცხოველთა კვების კათედრის გამგე, 2006–09 – ზოგადი ზოოტექ. დეპარტამენტის სრული პროფესორი, 2011–12 – ამავე ინ-ტის მთ. მეცნიერი თანამშრომელი.

კ-მა სას.-სამ. ცხოველთა საკვებად შეიმუშავა წვნიანი საკვების ცილით გამდიდრების ტექნოლოგია, გამოიკვლია საქართვ. მომთაბარე მეცხვარეობის პირობებში ცხვრის სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის საძოვრით დაკმაყოფილების პროცენტი და დაამუშავა მათი რაციონალური კვების პრინციპები. ავტორია სამეცნ. ნაშრომებისა, მ. შ. 3 მონოგრაფიის. აქვს 7 საავტორო მოწმობა გამოგონებაზე. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: საქართველოს ძირითადი საკვები საშუალების ქიმიური შემადგენლობა და ყუათიანობა, თბ., 2005.