კოთელია

კოთელია. კვირიკეს ეკლესია. XVI ს.

კოთელია, სოფელი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ახალქალაქის პლატოზე, ბაკურიანი ‒ ახალქალაქის საავტ. გზაზე. სათავო სოფელი, ზ. დ. 1700  მ, ახალქალაქიდან 15 კმ. 441 მცხ. (2014).

შუა სოფელში შემორჩენილია გალავანშემოვლებული ქვაჯვარი, აგრეთვე კვირიკეს ეკლესია, მუსლიმანური და ქრისტიანული სასაფლაოები.

ეკლესიის XVI ს. მხატვრულ წარწერაში იხსენიება საყდრის აღმაშენებელი ქიშვად ავალიშვილი და მისი მეუღლე, მეფის ასული თამარი. ეს პირები დასახელებულია ლიკანის სამრეკლოს წარწერაშიც. XVI ს-ში თურქების მიერ დაპყრობილ ჯავახეთში კ-ის მოსახლეობა მცირერიცხოვანი იყო, შემდეგ კი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან გადმოსახლებულთა ხარჯზე მათი რაოდენობა გაიზარდა.

ლიტ.: ბერძენიშვილი დ., საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ნარკვევები, ზემო ქართლი – თორი, ჯავახეთი, თბ., 1985; ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 1, თბ., 1964; ცისკარიშვილი ვ., ჯავახეთის ეპიგრაფიკა, როგორც საისტორიო წყარო, თბ., 1959; ხარაძე კ., ჯავახეთის ხუროთმოძღვრული და ბუნების ძეგლები, თბ., 2003; ჯიქია ს., გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, წგ. 3, თბ., 1958.

დ. ბერძენიშვილი