კოინციდენციის თეორია

ოინციდენციის თეორია, დ. უზნაძის კონცეფცია განვითარების მამოძრავებელი თანდაყოლილი (შინაგანი) და შეძენილი (გარეგანი) ფაქტორების არსებითი კავშირის შესახებ. ეს შეხედულება ჩამოყალიბდა ვ. შტერნის ცნობილი კონვერგენციის თეორიის საპირისპიროდ, რ-ის მიხედვით განვითარების პროცესში ერთდროულად მოქმედებს ენდოგენური და ეგზოგენური ფაქტორები; ისინი სრულიად განცალკევებული, ავტონომიური ერთეულებია. დ. უზნაძე მართებულად აღნიშნავს, რომ ორი სრულიად გამიჯნული და ჰეტეროგენული მოვლენა ვერ შექმნის ისეთ ჰარმონიულ კავშირს, რ-იც განვითარებას განაპირობებს და ქცევასაც წარმართავს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ინდივიდის ყოველგვარ მახასიათებელს აუცილებლად შეესაბამება გარემოში არსებული რაიმე მოვლენა ან გამღიზიანებელი. მოთხოვნილება მისი დაკმაყოფილების საგანს გულისხმობს, შეგრძნების ორგანო ‒ სათანადო გამღიზიანებელს და ა. შ. იგი თვლის, რომ ორგანიზმის შინაგანი კუთვნილების, მისი თანდაყოლილი სტრუქტურის ფუნქციის დახასიათება შეუძლებელია გარკვეული გარეგანი პირობების, სახელდობრ, სინათლის ფიზიკური მახასიათებლების გათვალისწინების გარეშე. მაშასადამე, აქ იშლება საზღვარი გარეგანსა და შინაგანს შ ორის. შინაგანში მკაფიოდ არის „ჩასახული“ გარეგანი. თავის მხრივ, ეს უკანასკნელიც იმ სტრუქტურას გულისხმობს, რ-ზეც ზემოქმედება შეუძლია ‒ ელექტრომაგნიტური ტალღა ყურზე ვერ იმოქმედებს, ხოლო ჰაერის ტალღა ‒ თვალზე. ეს ლ ოგიკა ყველა სხვა შემთხვევაზეც ვრცელდება. ამრიგად, „შინაგანის ცნება უკვე შეიცავს თავის შინაარსში იმას, რასაც გარეგანად თვლიან და, პირიქით, გარეგანისა იმას, რასაც შინაგანად თვლიან. მაშასადამე, ჩვენ წინაშე შინაგანისა და გარეგანის, თანდაყოლილისა და შეძენილის ცნებათა კოინციდენციის, ერთიანობის ფაქტი დგას“.

კ. თ. ცოცხალი სისტემების ფუნქციონირების შესახებ დ. უზნაძის შეხედულებათა ქვაკუთხედია. მან თავისი განვითარება პოვა ე. წ. ემპირიული პოსტულატის კრიტიკაში, რ-ის დაძლევაც განწყობის თეორიის ერთ-ერთი ძირითადი მეთოდოლოგიური ამოცანაა. განწყობის ცნების მთავარი ღირებულებაც ისაა, რომ იგი ორგანულად ამთლიანებს შინაგანსა და გარეგანს, ინდივიდსა და სიტუაციას. კ. თ. გასაგებს ხდის აღზრდის პროცესის დანიშნულებასა და მნიშვნელობას. თუ შინაგანი პირდაპირ მიგვითითებს იმაზე, როგორი ზემოქმედებაა საჭირო მისი განვითარებისთვის, მაშინ, ცხადია, აუცილებელი ხდება სათანადო ზემოქმედებათა სწორად შერჩევა და ორგანიზაცია, ანუ ის, რასაც აღზრდა ეწოდება. არსებითად, კ. თ-ზეა დაფუძნებული დ. უზნაძის ბავშვის ფ სიქოლოგიის სხვა საკვანძო თეორიული ცნებები და პრინციპები ‒ ა საკობრივი გარემოს ცნება და მასზე აგებული ასაკობრივი პერიოდიზაცია.

ლიტ.: იმედაძე ი., ფსიქოლოგიის ისტორია, თბ., 2018; უზნაძე დ., პედოლოგია: პედოლოგიის საფუძვლები და პირველი ბავშვობის პედოლოგია, ტფ., 1933; მისივე, ბავშვის ფსიქოლოგია, თბ., 2005.

ი. იმედაძე