კოკა

კოკა, სითხის საწყაო საქართველოში X ს-იდან. მისი ტევადობა სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა იყო. XIII ს. შუა ხანიდან გვხვდება 24-ლიტრიანი კ., ხოლო XVI– XVIII სს-ში – 8–16-ლიტრიანიც. ლიტრის მნიშვნელობის ზრდის გამო საუკუნეთა განმავლობაში კ-ის ტევადობაც იზრდებოდა. XIII ს-ში 24-ლიტრიანი კ. 23 ლ იტევდა, XVI–XVII სს. დას. საქართველოში კი – 50 ლ და მას მრთელი ეწოდებოდა. XVIII ს. აღმ. საქართველოში 10-ლიტრიანი კ. „სწორ“ (კანონიკურ) კ-დ ითვლებოდა (ტევადობა – 4 ჩაფი ან 30–34 ლ). დას. საქართველოში „სწორე“ კ. 12-ლიტრიანი იყო (ტევადობა 36–37 ლ). 12-ლიტრიანი საწყაოს ნახევარს მენახევრე ერქვა. XIX ს. 30-იან წლებში აღმ. საქართველოში კ. 12 თუნგით განისაზღვრებოდა.

გ. ჯაფარიძე