კონკურენცია

კონკურენცია (ლათ. Concurrentia – შეჯახება, მეტოქეობა), მეტოქეობა ეკონომიკურ აგენტებს შორის, რ-ებიც მომხმარებლისთვის უკეთესი სავაჭრო პირობების შეთავაზებით ცდილობენ შესაბამის ბაზარზე უპირატესობის მოპოვებას. მეტოქეობა ეკონომიკურ აგენტებს უბიძგებს ფასის შემცირების, წარმოების ზრდის, ხარისხის გაუმჯობესების, ეფექტიანობის ამაღლების, ახ. და უკეთესი საქონლისა და მომსახურების შეთავაზებისკენ. მეტოქეობა წარმატებულ ეკონომიკურ აგენტებს შესაძლებლობას აძლევს, გადაიბირონ წარუმატებელი კონკურენტების კლიენტები. კ. ბაზრისა და, საერთოდ, ეკონ. განვითარების მამოძრავებელ ძალად მიიჩნევა და იგი უზრუნველყოფილია შესაბამისი კანონმდებლობით.

კ-ის სამართალი და პოლიტიკა თანამედროვე მსოფლიოში თავისუფალი საბაზრო ეკონ. განუყოფელი ნაწილია.

დაუშვებელია კ-ის შეზღუდვა საზ-ბისთვის საზიანო მეთოდებით. სამართლებრივი თვალსაზრისით, იგი ნორმათა ერთობლიობაა, რ-ის მეშვეობითაც ხორციელდება კ-ის პოლიტიკა.

ბაზარზე კ-ის შეზღუდვის პირობებში წარმოქმნილი პრობლემების სპეციფიკა ყველაზე კარგად ჩანს ორი თეორ. უკიდურესობის შედარებით, რ-თაგან ერთ-ერთი გულისხმობს ბაზრის ფუნქციონირებას სრულყოფილი კ-ის პირობებში, ხოლო მეორე კი გამორიცხავს მის არსებობას (მონოპოლია). სრულყოფილი კ. ბაზრის ისეთი მდგომარეობაა, როდესაც არც ერთ კონკურენტს არა აქვს საბაზრო ძალაუფლება და საქონლის ვერცერთი მიმწოდებელი ზეგავლენას ვერ ახდენს საბაზრო ფასის დადგენის პროცესზე, ხოლო ფასს სრულად განსაზღვრავს საბაზრო მექანიზმი.

სრულყოფილი კ-ის შედეგია ყველაზე დაბალი საბაზრო ფასი, მომხმარებლისთვის საჭირო რაოდენობით საქონელის წარმოება და ინოვაციური პროდუქციისა და მომსახურების მიწოდება. სწორედ ამიტომ, კონკურენტულ ბაზრებს საერთო ეკონ. ფონის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალებად მიიჩნევენ.

სრულყოფილი კ-ისგან განსხვავებით, მონოპოლიური ბაზრის პირობებში არსებობს მხოლოდ ერთი მიმწოდებელი, რ-საც გააჩნია აბსოლ. საბაზრო ძალაუფლება. ეს მას საშუალებას აძლევს განსაზღვროს საბაზრო ურთიერთობის ყველა ის პარამეტრი (მაგ., საქონლის ფასი, ხარისხი, ინოვაციის დონე და სხვ.), რ-იც სრულყოფილი კ-ის პირობებში საბაზრო მექანიზმის მოქმედების შედეგად დგინდება.

ეკონ. თვალსაზრისით, მონოპოლიური საბაზრო ძალაუფლება ამცირებს ეკონ. ეფექტიანობას და თავისუფალი კ-ისგან განსხვავებით აყალიბებს ოპტიმალურზე გაცილებით მაღალ ფასებს საზ-ბის ერთობლივ მოთხოვნაზე უფრო ნაკლები საქონლისა და მომსახურების მიწოდებით.. სწორედ ამიტომ ენიჭება უპირატესობა კონკურენტულ ბაზარს მონოპოლისტურთან შედარებით.

საბაზრო ძალაუფლების მოპოვება შეიძლება ჯანსაღი კ-ის პირობებშიც, რადგან „შეჯიბრი არსებობს იმისთვის, რომ ის მოიგონ“. ეს ნიშნავს, რომ ბაზარზე, სადაც ყველა მონაწილე მეტი მომხმარებლის მოზიდვისა და მოგებისკენ მიისწრაფვის, ნებისმიერმა მათგანმა საბაზრო უპირატესობა შესაძლოა მოიპოვოს საკუთარი ეფექტიანობის გაზრდით. საბაზრო ძალაუფლების გაზრდა კ-ის პირობებში ბუნებრივი მოვლენაა და პრობლემურად არ აღიქმება სამართლებრივი კუთხითაც, რადგან კანონი „პატიოსან“ გამარჯვებულებს არ სჯის.

სრულყოფილი კ-ის თეორ. მოდელის პრაქტიკაში განხორციელებას შეიძლება პრობლემები შეექმნას: 1. სახელმწიფოს ჩარევის გამო; 2. ბაზრის მონაწილეთა ქმედებების შედეგად; 3. თავად ბაზრის ბუნებიდან გამომდინარე.

კ-ის შემზღუდველი ქცევების გამოვლენა-აღკვეთის მიზნით, კონკურენციის სამართლით რეგულირდება კ-ის შემზღუდველი შეთანხმებები – დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, საწარმოთა კონცენტრაციები, კ-ის შეზღუდვა სახელმწიფოს მხრიდან.

ბაზრის სპეციფიკით გამოწვეულ შეზღუდვებს (მაგ., ბუნებრივ მონოპოლიებს) ძირითადად არეგულირებს სპეც. კანონმდებლობა.

კ-ის შემზღუდველი ცალკეული ქმედებების რეგულირების მაგალითები ჯერ კიდევ ანტიკურ რომში არსებობდა, თუმცა ამ მიმართულებით სისტემური მიდგომების ჩამოყალიბება მხოლოდ XVIII ს. ბოლოს დაიწყო ლიბერალიზმის წარმოშობასთან ერთად. ამ პერიოდში ინდუსტრიულმა წარმოებამ და ვაჭრობამ სოფლის მეურნეობას ნელ-ნელა ჩამოართვა ეკონ. მამოძრავებელი ძალის სტატუსი, ხოლო ლიბერალიზმის გავრცელებამ დღის წესრიგში დააყენა მეწარმეთა/ კომერსანტთა სახელმწ. რეგულირების წნეხისგან დახსნის და მათი ეკონ. თავისუფლების საკითხი, რის შემდეგაც საჭირო გახდა სახელმწ. პოლიტიკის შემუშავება ახალი რეალობის გათვალისწინებით, თუმცა ეს პროცესი ყველგან ერთნაირად არ წარმართულა. შედეგად, ეროვნ. ეკონ. რეალობა და მის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული პოლიტ. ხედვები ყოველთვის დიდ ზეგავლენას ახდენდა კონკრეტულ იურისდიქციაში კ-ის პოლიტიკის მიმართ დამოკიდებულებებსა და მიმართულებებზე. იმავდროულად ვითარდებოდა ეკონ. და სამართ. თეორიაც, რ-საც არანაკლები წვლილი შეჰქონდა ზემოაღნიშნულ პროცესში.

საქართველოს კ-ის სამართალსა და პოლიტიკას ორი „სიცოცხლე“ აქვს. პირველი 1992 დაიწყო, როდესაც ახლად შექმნილმა რესპუბლიკამ სახელმწ. პოლიტიკის ერთ-ერთ მიმართულებად მონოპოლიური საქმიანობის შეზღუდვა და თავისუფალი საბაზრო კ-ის ხელშეწყობა აირჩია. ეს პერიოდი საქართველოში ორი პარალელური პროცესით გამოირჩეოდა: ხდებოდა გეგმიურიდან საბაზრო ეკონომიკაზე ეტაპობრივი გადასვლა და მიმდინარეობდა ხსენებული ეკონომიკის გამართულად ფუნქციონირებისათვის საჭირო ინ-ტების ფორმირება. ზემოხსენებულის უზრუნველსაყოფად საქართველოში 1996 შეიქმნა შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო და ჩამოყალიბდა აღმასრ. ორგანო – ანტიმონოპოლიური სამსახური.

გარდამავალ პერიოდში როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში შეიქმნა არასწორი წარმოდგენა კ-ის სამართლისა და პოლიტიკის „კლასიკურ“ ფუნქციებთან დაკავშირებით; გარდა ამისა, დემონოპოლიზაციის პროცესის დასრულების შემდგომ (განსაკუთრებით, XXI ს. პირველ წლებში), საქართვ. კ-ის სამართალსა და პოლიტიკას იდენტობის გარკვეული კრიზისი დაუდგა და საკამათო გახდა სახელმწ. მონოპოლიებისგან მეტ-ნაკლებად გათავისუფლებულ ბაზარზე კ-ის სამართლის საჭიროება. ზემოაღნიშნული აშკარად გამოიკვეთა 2005 წლის საკანონმდებლო ცვლილებებში. საქართველომ მიიღო კ-ის კანონი „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“, რ-იც არ არეგულირებდა ბაზარზე კ-ის შეზღუდვას თავად კონკურენტების მხრიდან. შეზღუდვად მხოლოდ ბაზარზე სახელმწიფოს მიერ კონკრეტული სახის ჩარევები მიიჩნეოდა. მიღებული კანონის უარყოფითი შედეგები სულ მალე გამოვლინდა საბაზრო ჩავარდნების სახით, თუმცა არსებითი საკანონმდებლო ცვლილებები 2014-მდე არ განხორციელებულა. 2014 ცვლილებების შედეგად კი საბოლოოდ მოხდა საქართველოში კ-ის სამართლის „ტრადიციულ“ რელსებზე დაბრუნება. კერძოდ, აიკრძალა კ-ის შემზღუდველი ქმედებები როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორის მხრიდან და შეიქმნა შესაბამისი აღმასრ. ორგანო – საქართვ. კონკურენციის სააგენტო. ქართ. კ-ის სამართლის მეორე „სიცოცხლე“ სწორედ ამ მომენტიდან იწყება.

ახ. რეგულირების პირობებში კ-ის სამართალი და აღსრულება ევროკავშირში არსებულ მოდელს ეფუძნება. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის რეალიზების ერთ-ერთი წინაპირობა ქვეყანაში კ-ის მარეგულირებელი ეფექტიანი ჩარჩოს არსებობა გახდა. შესაბამისად, საქართველოში კ-ის სამართლის განვითარება მჭიდროდაა გადაჯაჭვული არა მარტო ეროვნ. ბაზრის სიჯანსაღესთან, არამედ ევრ. ბაზრის ათვისების მიზანთანაც. სწორედ ამიტომ ქართ. კ-ის სამართლისა და პოლიტიკის განვითარების პროცესში ინტენსიურად გამოიყენება ევროკავშირის გამოცდილება.

ლიტ.: კონკურენციის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი, თბ., 2019; საქართველოს კონკურენციის სამართალი, თბ., 2019.

გ. ჩარკვიანი