კონსორციუმი (ლათ. consortium – თანამონაწილეობა), ორი ან მეტი ფიზიკური პირის, კომპანიის, ორგანიზაციის ან საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირების დროებითი გაერთიანება რომელიც ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) შესახებ დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ემსახურება საერთო მიზნის მიღწევას.
კ. ეფუძნება მოკლევადიან შეთანხმებას ფინანს. და ადამიანური რესურსების გაერთიანების შესახებ, ფართომასშტაბიანი ფინანს. ან კომერციული ოპერაციების ჩატარების მიზნით, რ-ის მიხედვითაც ამხანაგობის ყველა წევრი მიიღებს სარგებელს. ამ გაერთიანებაში მონაწილე პირები პასუხისმგებლობას იღებენ მხოლოდ კ-ის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე. შესაბამისად, კ-ის წევრები დამოუკიდებლად წარმართავენ საქმიანობას, რაც კ-ის მიზნებით არის გათვალისწინებული.
საქართველოში კ-ები შეიქმნა ისეთი მსხვილი პროექტების განსახორციელებლად, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა („ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“), ნავთობის ძებნა-ძიება და მოპოვება („ქართულ-ბრიტანული ნავთობის საერთაშორისო კონსორციუმი“), ფოთის ახ. ტერმინალის მშენებლობა („ფოთის ახალი ტერმინალის კონსორციუმი“), ენერგეტ. და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება („ქართული სამშენებლო კონსორციუმი“ – GCC) და სხვ.
ვითარდება კ-ები სამართლებრივი მომსახურების სფეროში („კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველო“ – LAG), სადაზღვევო და საგანმან. სფეროებში. საგანმან. კ-ები ცოდნის გაზიარების მიზნით ხშირად იყენებენ ისეთ ერთობლივ რესურსებს, როგორიცაა ბ-კა, კვლევითი საქმიანობა და ადამიანური რესურსები („საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული ქსელის კონსორციუმი“, „შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი“ და სხვ.).
საჯარო და კერძო საწარმოები თანამშრომლობენ ფერმერთა მომსახურების, კვების პროდუქტების წარმოების, მომხმარებელთა უსაფრთხოებისა და სხვა სტანდარტების დასადგენად და კონკურენტული უპირატესობის მოსაპოვებლად.
ქვეყნებს შორის გამოცდილების გასაზიარებლად და საჯარო სამსახურების ინსტიტუციური განვითარების ხელშესაწყობად იქმნება ერთობლივი კ-ები. საქართვ. საჯარო სამსახურები, ევროკავშირის სხვა ქვეყნების საჯარო სამსახურებთან ერთად, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ინტეგრაციისა და თანამშრომლობის (EaPIC) პროგრამის ფარგლებში 2015-იდან, ახორციელებენ გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის საერთაშ. პროექტებს.
ლიტ.: საქართველოს კანონი საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, თბ., 2018.
მ. თოქმაზიშვილი