კოლაჟი

კოლაჟი. დ. კ ა კ ა ბ ა ძ ე. კონსტრუქციულდეკორატიული
კომპოზიცია. 1924.

კოლაჟი (ფრანგ. collage, სიტყვასიტყვით – დაწებება), სხვადასხვა დანიშნულების ან ფორმის, განსხვავებული კონტექსტიდან ამოღებული საგნების ან ფრაზების გაერთიანება ერთ სიბრტყეზე. ისინი იძენენ ახალ შინაარსს, რ-იც მათ დამოუკიდებლად არ გააჩნიათ. მოდერნიზმის ხანაში, კერძოდ, კუბიზმის, დადაიზმის, სიურეალიზმის და სხვა მიმდინარეობების ფარგლებში, მან შეიძინა ტექნიკური საშუალების მნიშვნელობა. მხატვრობაში პირველად კ. გამოიყენა პ. პიკასომ, შემდეგ – ჟ. ბრაკმა, მ. ერნსტმა და ა.შ. პოსტმოდერნიზმის ხანაში, კერძოდ, პოპ-არტის მიმართულებით, ამ ტექნიკამ კიდევ მეტი დატვირთვა შეიძინა. ამ დროს ასევე დაიწყეს სამგანზომილებიანი საგნების გამოყენება და ჩამოყალიბდა კ-ის მონათესავე ახალი მეთოდი – ასამბლაჟი. ქართველი მხატვრებიდან XX ს. 20-იანი წწ. დასაწყისში პარიზში კ-ის ტექნიკას პირველმა მიმართა დ. კაკაბაძემ, რ-მაც შემდეგ ის სრულიად ორიგინალურად განავითარა. მან ნამუშევრებში, სარკეების, ლითონის ფრაგმენტების, ლინზების და სხვა მასალის გარდა, ჩართო ისეთი დეტალები, რ-ებიც ნამუშევრის უკანა მხრიდან მიერთებული ნათურით ნათდებოდა. საქართველოში კ. და ასამბლაჟი პოპულარული გახდა 70- იან წლებში როგორც პოპ-არტის მიმართულების გამოძახილი (ა. ვარაზი, გ. მიქელაძე, ო. ჩხარტიშვილი და სხვ.). განსაკუთრებით ხშირად მიმართავდნენ მას თეატრის მხატვრები (გ. ალექსი-მესხიშვილი, მ. შველიძე, თ. ნინუა და სხვ.). პოსტმოდერნიზმის ეპოქაში კ-მა, ზოგადად, ფართო ფილოს. დატვირთვა შეიძინა. XX ს. ბოლოს და XXI ს. დასაწყისში მას იყენებდნენ როგორც ლიტერატურაში, ისე თეატრში, კინოსა და ხელოვნების სხვა დარგებში. ერთ ნაწარმოებში სხვადასხვა შინაარსის, დანიშნულებისა და ფორმის შემცველი ფრაგმენტების ან მოვლენების შერწყმის აღნიშნული საშუალება საუკეთესოდ მიესადაგა პოსტმოდერნულ ეპოქას.

ქ. კინწურაშვილი