კოლმოგოროვი ანდრეი ნიკოლოზის ძე [12(25). IV. 1903, ტამბოვი, -- 20. X. 1987, მოსკოვი], მათემატიკოსი. სსრკ მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1939), პედ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1966), სოციალ. შრომის გმირი (1963). დაამთავრა მოსკოვის სახელმწ. უნ-ტი (1925) და იქვე დაიწყო მუშაობა (1931-იდან – პროფესორი). 1935 დააარსა ალბათობათა თეორიის კათედრა და 1965-მდე იყო მისი გამგე. 1935 მიენიჭა ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორის სამეცნ. ხარისხი (დისერტაციის დაუცველად). 1953-იდან იყო მოსკოვის მათ. საზ-ბის საპატიო წევრი, 1964−66 და 1974−85 – ამავე საზ-ბის პრეზიდენტი და ჟურნალ „Успехи математических наук“-ის მთ. რედაქტორი. 1946–54 და 1983-იდან გარდაცვალებამდე – დიდი საბჭოთა ენციკლოპედიის (БСЭ) მათ. განყ-ბის რედაქტორი, მთ. რედაქციის წევრი.
კ-მა სამეცნ. მოღვაწეობა დაიწყო ნამდვილი ცვლადის ფუნქციათა თეორიაში. კ-ს ეკუთვნის ფუნდამენტური შედეგები ტრიგონომეტრიული მწკრივების, ზომის თეორიის, სიმრავლეთა თეორიის, ინტეგრალის თეორიის ფუნქციათა მიახლოების საკითხებში. არსებითი წვლილი შეიტანა კონსტრუქციული ლოგიკის, ტოპოლოგიის (შექმნა ზემო ჰომოლოგიების თეორია), მექანიკის (ტურბულენტობის თეორია), დიფერენციალურ განტოლებათა თეორიის, ფუნქციონალური ანალიზის განვითარებაში. კ-ის შრომები ალბათობათა თეორიაში ფუძემდებლური მნიშვნელობისაა. ნამდვილი ცვლადის ფუნქციათა თეორიის მეთოდების გამოყენებით (1925) მან გადაჭრა ზოგიერთი რთული პრობლემა, ააგო ალბათობათა თეორიის აქსიომატური დაფუძნების ფართოდ ცნობილი სისტემა (1933), საფუძველი ჩაუყარა მარკოვის ტიპის შემთხვევითი პროცესების უწყვეტდროიან თეორიას.
კ. იყო მრავალი ქვეყნის მეცნ. აკად. უცხოელი და საპატიო წევრი.
მიღებული აქვს სახელმწიფო და მრავალი სამეცნ. პრემია.
საქართველოში მათემატიკის განვითარებაზე კ-ის შემოქმედებამ დიდი გავლენა იქონია. იგი მრავალჯერ იყო საქართველოში, სამეცნ. და პირადი ურთიერთობა ჰქონდა ქართ. მათ. სკოლის მრავალ წარმომადგენელთან (ა. ბარკალაია, გ. ბერიშვილი, დ. ვახანია, დ. ვაშაკიძე, გ. მანია, ლ. მაღნარაძე, გ. ჭოღოშვილი, ფ. ხარშილაძე და სხვ.). მისი მხარდაჭერით დაარსდა კომაროვის სახ. ფიზიკა-მათ. სკოლა-ინტერნატი (1964), სადაც ატარებდა მეცადინეობებს თბილისში ყოფნისას. კ-ის მიერ შედგენილი სახელმძღვანელოთი მრავალი წლის განმავლობაში ასწავლიდნენ მათემატიკას საქართვ. საშ. სკოლების უფროს კლასებში.
თხზ.: О представлении непрерывных функций нескольких переменных суперпозициями непрерывных функций меньшего числа переменных, Доклады АН СССР, 1956, т. 108; Grundbegriffe der Wahrscheinlichkeitsrechnung, in Ergebnisse der Mathematik. Berlin, 1933; Об аналитических методах в теории вероятностей. Успехи математических наук. 1938, № 5; Foundations of the theory of probability. 2-nd edition. Chelsea Pub. Co., 1956.
ლიტ.: Андрей Николаевич Колмогоров. Полная библиография его трудов и список публикаций, ему посвящённых. М., МЦНМО, 2016; Арнольд В. И. Об А. Н. Колмогорове. წგ.: Колмогоров в воспоминаниях», М., 1993.
ზ. გორგაძე