კოლონიალიზმი

კოლონიალიზმი (ლათ. Colonia – დაპყრობილი ტერიტორია საკუთარი პოლიტიკური და ეკონომიკური ხელისუფლების გარეშე), სხვა სახელმწიფოს დამორჩილება და მისი ბუნებრივი და ადამიანური რესურსების გამოყენება დამპყრობელი ქვეყნის (მეტროპოლიის) სასარგებლოდ.

კოლონიები თავდაპირველად წარმოადგენდნენ სავაჭრო, სამიწათმოქმედო, სამესაქონლეო და სამხედრო-სამიწათმოქმედო დასახლებებს, რ-ებიც უმთავრესად იქმნებოდა ანტიკურ ეპოქაში რომელიმე ქვეყნის მცხოვრებთა მასობრივი მიგრაციის გზით.

კოლონიურ სისტემას საფუძველი ჩაეყარა დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების შემდეგ, დაახლოებით XVI ს-იდან, როდესაც ევროპის სახელმწიფოებმა დაიწყეს აზიის, აფრიკისა და ამერიკის კონტინენტზე ახლად აღმოჩენილი მიწების ათვისება და ამ ტერიტორიებზე მმართველობითი სტრუქტურების ჩამოყალიბება.

XVI ს. ბოლოსა და XVII ს-ის დასაწყისში ამ მიმართულებით დაწინაურდა ნიდერლანდები, რ-მაც XVII ს-ის შუა წლებში აღმ- ში პორტუგალიური კოლონიების უმრავლესობა დაიპყრო. ნიდერლანდების კოლონიური ჰეგემონობა ინგლისმა მასთან ომების შედეგად დაასრულა. XVI ს. ბოლოსა და XVIII ს. დასაწყისში კოლონიური დაპყრობების გზას დაადგა საფრანგეთი.

მთავარი კოლონიური სახელმწიფოები იყვნენ: პორტუგალია, ესპანეთი, ჰოლანდია, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი. კოლონიებს ფლობდნენ აგრეთვე ბელგია, გერმანია, იტალია, აშშ და იაპონია, რუსეთის იმპერია, რ-იც თავისი იმპერიალისტური ბუნებიდან გამომდინარე აქტიურად ეწეოდა ახალი მიწების ათვისებას.

მოსკოვის სახელმწიფოს მიერ არარუს ხალხთა და მათი ტერიტორიების დაპყრობანი ჯერ კიდევ XVI ს-იდან დაიწყო. ამ პერიოდიდან მან თავისი საზღვრები მნიშვნელოვნად გააფართოვა. მოსკოვის კოლონიალური პოლიტიკის თავისებურება, ევროპის ქვეყნებისაგან განსხვავებით, მის კონტინენტურ ხასიათში ვლინდებოდა და რამდენიმე მიმართულებით ვითარდებოდა.

XIX ს. დამდეგიდან რუსეთის იმპერიის მფლობელობაში აღმოჩნდა კავკასია, რ-იც სურდა გადაექცია პლაცდარმად სამხრეთის მიმართულებით შემდგომი გაფართოებისათვის.

საქართველოს მიმართ ცარიზმის იმპერიალისტურ-კოლონიური პოლიტიკა თავისი არსით ეყრდნობოდა ეკატერინე მეორის ცნობილ ფორმულას: - ,,სხეული ქართული, სული რუსული“. ამ პოლიტიკითა და ფორმულით ხელმძღვანელობდა რუსეთი საქართველოში.

რუსეთის ეს პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში სხვადასხვა მეთოდებითა და ხერხებით ხორციელდებოდა.

ლიტ.: კიკვიძე ა., საქართველოს ისტორია (XIX საუკუნე), თბ., 1954; რუსული კოლონიალიზმი საქართველოში, თბ., 2008; საქართველოს ისტორია, ოთხ ტომად, ტ. IV, თბ., 2012; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. IV, თბ., 1973; სამოქალაქო განათლების ლექსიკონი, თბ., 2011; სურგულაძე ა., ნიკოლოზ ბარათაშვილის ეპოქა, თბ., 1968; მისივე, რუსეთის იმპერია XIX საუკუნეში, თბ., 1973; სურგულაძე ა., სურგულაძე პ., საქართველოს ისტორია, თბ., 1991; ჯანელიძე ო., საქართველოს ახალი და თანამედროვე ისტორია, თბ., 2009.

პ. სურგულაძე