კოლხეთის აჯანყება

კოლხეთის აჯანყება ძვ. წ. 83, პონტოს მეფე მითრიდატე VI ევპატორის (ძვ. წ. 111–63) წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყება. მან, სავარაუდოდ, ძვ. წ. 111–110, თავისი სახელმწიფოს შემადგენლობაში მოაქცია სამხრ.-აღმ., აღმ. და ჩრდ. შავიზღვისპირეთი, მ. შ. კოლხეთიც. აპიანეს მიხედვით, აჯანყებულები ითხოვდნენ, მითრიდატე VI-ს კ ოლხეთის მეფედ თავისი ვაჟი მითრიდატე დაენიშნა. მოთხოვნა დაკმაყოფილდა და კოლხები დამშვიდდნენ. კოლხეთი პონტოს სატრაპიიდან გადაიქცა ვასალურ სამეფოდ. მითრიდატე მალე ღალატში იქნა ეჭვმიტანილი და სიკვდილით დასაჯეს, თუმცა კოლხეთი ვასალურ სამეფოდ უნდა დარჩენილიყო.

პონტო ძალით დამორჩილებული კოლხეთისგან იღებდა როგორც გემთმშენებლობისათვის საჭირო რესურსს, ასევე ცოცხალ სამხედრო ძალასა და მეზღვაურებს (სტრაბონი, პლუტარქე, აპიანე), რაც კოლხეთის ეკონომიკაზე მძიმედ აისახებოდა. კოლხები ხელსაყრელ მომენტს ელოდნენ დამპყრობელთაგან გასათავისუფლებლად. ძვ. წ. 83 არა აჯანყების მიმდინარეობის, არამედ მისი ჩაცხრობის თარიღი უნდა იყოს, როდესაც კოლხეთთან მნიშვნელოვან დათმობებზე წასვლით მითრიდატე VI-ს ბოსფორის დასამორჩილებლად თავისუფალი მოქმედების საშუალება მიეცა.

ლიტ.: დუნდუა თ., კოლხების აჯანყება და მითრიდატე უმცროსი, თსუ შრომები, ტ. 31., თბ., 1996; Лорткипанидзе Г. А., Некоторые вопросы истории Колхиды II–I вв. до н. э., „მაცნე“, 1965, №2.