კოლხეთის სამეფო

კოლხეთის სამეფო, კოლხეთი (ძვ. ქართული წყაროებით – ეგრისი), ადრინდელი ქართული სახელმწიფო სამხრ.-აღმ. და აღმ. შავიზღვისპირეთში. ეთნიკური სახელი „კოლხი“ პირველად ძვ. აღმოსავლურ წყაროებში იხსენიება ძვ. წ. XII–XI სს-ში (ტიგლათფილესერ I-ის წარწერა) „კილხის“ ფორმით. შავიზღვისპირეთში კოლხურ ტომთა დიდი გაერთიანების არსებობას კი ძვ. წ. XIII ს-იდან ვარაუდობენ. ეს დასტურდება ძვ. ასურული წყაროებითა და ახლანდ. დას. საქართველოსა და სამხრ.-აღმ. შავიზღვისპირეთში მოპოვებული არქეოლ. მასალით (იხ. კოლხური კულტურა). ამ კულტურის შემქმნელ კოლხურ ტომთა გაერთიანების ძლიერების ხანა არგონავტთა ლაშქრობის შესახებ ძვ. ბერძნ. თქმულებების ვერსიებშიც აირეკლა (იხ. არგონავტების თქმულება).

შავიზღვისპირეთის კოლხურ ტომთა გაერთიანება ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისში თანდათანობით იქცა სახელმწიფოდ. უკვე ძვ. წ. VIII ს. ურარტულ წყაროებში იგი იხსენიება როგორც კოლხას სამეფო, რ-იც გამუდმებით ებრძოდა ურარტუსა და დიაუხის სამეფოებს. კოლხას პოლიტ. ცენტრი სამხრ.-აღმ. შავიზღვისპირეთში (ჭოროხის აუზში) მდებარეობდა და მისი გავლენა ვრცელდებოდა აღმ. შავიზღვისპირეთის ვრცელ ტერიტორიაზე. კოლხას ძლიერების ხანად მიჩნეულია ძვ. წ. VIII ს. ამ დროს იგი დიაუხის ძლიერ სამეფოს ებრძოდა და მისი ჩრდ. ოლქები შეიერთა. ამ დროიდან კოლხეთი ხშირად იხსენიება ძვ. ბერძნ. ლიტ-რაშიც. კოლხას სოც. ბუნებისა და პოლიტ. ორგანიზაციის შესახებ ძვ. აღმოსავლურ წყაროებში მწირი ცნობებია შემონახული. ურარტულ წყაროებში იხსენიება კოლხას ქალაქები (მ. შ. „სამეფო ქალაქი“ ილდამუსა) და ციხე-სიმაგრეები, აგრეთვე მეფისნაცვლები, ანუ სამეფო მოხელეები, რაც ძვ. აღმოსავლური ტიპის სახელმწიფოებრივი ადმინისტრაციის არსებობაზე მიუთითებს. ურარტული წყაროები მოწმობს მესაქონლეობისა და რკინის მეტალურგიის განვითარების მაღალ დონეს.

ძვ. წ. VIII ს. 20-იანი წლებიდან, კოლხას (ძვ. კ. ს.) დაცემის შემდეგ, კოლხური ტომების ერთი ნაწილი სამხრ.-აღმ. შავიზღვისპირეთში (ახლანდ. ტრაბზონის მიდამოები) დამკვიდრდა, ხოლო პოლიტ. ცენტრმა გადაინაცვლა ჩრდ-ით – ახლანდ. დას. saqarTv. ტერიტორიაზე, სადაც ძვ. წ. VII– VI სს-ში ჩამოყალიბდა ახ. ძლიერი დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივი ერთეული, მთელ ანტ. სამყაროში ფართოდ ცნობილი კ. ს., რ-საც ჰეროდოტე ახლო აღმოსავლეთის დიდი მონარქიების – მიდიისა და აქემენიდური ირანის – გვერდით იხსენიებს.

ძვ. წ. VI–IV სს. კ. ს. მიჩნეულია ადრინდ. კლასობრივი ტიპის სახელმწიფოდ, რ-ის მმართველი ზედაფენა ექსპლუატაციას უწევდა თავისუფალ თუ ნახევრად თავისუფალ მიწათმოქმედთა ფართო მასას. მონათა რაოდენობა შედარებით მცირე იყო. არქეოლ. მასალა მოწმობს საზ-ბის მკვეთრ ქონებრივ დიფერენციაციას – მრავალრიცხოვანი ორმოსამარხების ფონზე აურაცხელი სიმდიდრით, ნატიფი, მაღალმხატვრული ოქროსა და ვერცხლის სამკაულით, ხელისუფლების ინსიგნიებისა და იარაღის სიმრავლით მკვეთრად გამოირჩევა წარჩინებულთა ხით ნაგები აკლდამები.

სახელმწიფოს სათავეში იდგა მეფე – ძვ. ბერძენ მწერალთა ცნობით, აიეტიდების (კოლხეთის ლეგენდარული მეფის, აიეტის შთამომავალნი) დინასტიის წარმომადგენელი. სამეფო დაყოფილი იყო ტერიტ.-ადმ. ერთეულებად – სკეპტუხიებად (საერისთავოებად). ძვ. წ. VI–V სს-ში ერთ-ერთი სკეპტუხიის ცენტრი მდებარეობდა ვანში.

კ. ს-ს ეკონომიკის საფუძველი იყო განვითარებული მიწათმოქმედება. ამას მოწმობს ძვ. წ. II–I ათასწლეულების კოლხურ ნამოსახლარებსა და სამაროვნებში მრავლად აღმოჩენილი მრავალფეროვანი სას.-სამ. იარაღი და სხვადასხვა ჯიშის მარცვლეული. ხელოსნობა მრავალდარგობრივი იყო. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა რკინის წარმოებას. არქეოლ. გათხრებისას აღმოჩნდა რკინის ნაწარმის მრავალი ნაშთი (ქურები, წიდები, საბერველი მილები და სხვ.), აგრეთვე რკინის სამეურნეო და საომარი იარაღი. მასობრივი ხასიათი ჰქონდა კერამ. წარმოებას, რ-ის პროდუქცია საკმაოდ მრავალფეროვანი იყო (ქვევრები და დერგები, ნაირსახოვანი დოქები, ჯამები, სასმისები) და საუკეთესო ტექნოლ. თვისებებით, ნატიფი ფორმებითა და მდიდარი გეომ. ორნამენტებით გამოირჩეოდა. კოლხეთი განსაკუთრებით განთქმული იყო ოქროს მოპოვებითა (მდინარეული ქვიშიდან) და დამუშავებით, რის გამოც ძვ. ბერძნ. მწერლობაში იგი „ოქრომრავალი“ ქვეყნის სახელით იყო ცნობილი. არქეოლ. გათხრებისას აღმოჩენილია კოლხური ოქრომჭედლობის ბრწყინვალე ნიმუშები: ჭედური გამოსახულებით მორთული დიადემები, ნაირსახოვანი სამკაული და სხვ. ხელოსნურ წარმოებას ფართო სასაქონლო ხასიათი ჰქონდა და ძირითადად ქალაქებსა და პოლიტ.-ადმ. ცენტრებში იყო კონცენტრირებული.

ძვ. წ. VI–IV სს. კოლხეთში იჭრებოდა ვერცხლის ფული (კოლხური თეთრი), რ-იც საშინაო ბაზრისათვის იყო განკუთვნილი.

შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქებთან (ბათუმი, ქობულეთ-ფიჭვნარი, ფასისი, გიენოსი, დიოსკურია) დაარსებული ბერძნ. ფაქტორიების მეოხებით ძვ. წ. VI–V სს-ში კოლხეთს აქტ. სავაჭრო-ეკონ. ურთიერთობა ჰქონდა ბერძნ. სამყაროსთან. კოლხეთიდან გაჰქონდათ სხვადასხვა ნედლეული (რკინა, ოქრო, ხე-ტყე) და ხელოსნური ნაწარმი. მთელ ანტ. სამყაროში იყო განთქმული კოლხური სელის ქსოვილი, რ-იც ეგვიპტურსაც კი უწევდა მეტოქეობას. კოლხური კერამიკის ნიმუშები მრავლადაა აღმოჩენილი ჩრდ. შავიზღვისპირეთის ბერძნ. ქ-ებში (პანტიკაპეონი, ნიმფეონი და სხვ.). ათენში აღმოჩენილ წარწერებში მოხსენიებული არიან კოლხი მონებიც. ცნობილია საბერძნეთში მოღვაწე კერამ. ფერწერის კოლხი ოსტატებიც, რ-თაც აგრეთვე მონებად მიიჩნევენ.

ბერძენ ვაჭრებს კოლხეთში ძირითადად მხატვრული და სუფრის ფაქიზი კერამიკა, ძვირფასი ლითონისა და პოლიქრომული მინის ჭურჭელი, ხარისხიანი ღვინო, ზეითუნის ზეთი და ნელსაცხებლები შემოჰქონდათ, რ-საც ძირითადად საზ-ბის ზედაფენა მოიხმარდა.

კ. ს-ს სავაჭრო გზებისა და საქმის ორგანიზაციის მაღალ დონეზე მიუთითებს სტრაბონის ცნობა მდ. ფასისზე 120 ხიდის არსებობის შესახებ, აგრეთვე ძვ. წ. III ს. ბერძენი პოეტის, აპოლონიოს როდოსელის ცნობა: „კოლხებს შემონახული აქვთ თავიანთ მამათაგან ნაწერი კირბები, რომლებზედაც ირგვლივ მოგზაურთათვის ნაჩვენებია ზღვისა და ხმელეთის ყველა გზა და საზღვარი“. ზოგიერთ მეცნიერს ეს ცნობა კოლხური დამწერლობის არსებობის მოწმობადაც მიაჩნია.

ძვ. წ. IV–III სს-ში კ. ს. თანდათანობით დასუსტდა. ამასთანავე მისი აღმ. ოლქები ქართლის სამეფოს (იბერიის) პოლიტ. გავლენის ქვეშ მოექცა და ქართიზაცია განიცადა. სტრაბონთან დაცული ცნობის მიხედვით, ამ დროს კოლხეთი „მეტწილად ზღვისპირასაა“.

ძვ. წ. III ს-ში ცნობილია კოლხეთის მეფე აკე, რ-მაც თავისი სახელით მოჭრა ლისიმაქეს სტატერების მსგავსი მონეტა (იხ. აკეს სტატერი). ძვ. წ. III–I სს-ში კოლხეთი კვლავ აქტიურად მონაწილეობს საერთაშ. ვაჭრობაში, რ-შიც ფართოდაა ჩაბმული როგორც ბარის, ასევე მთიანეთის მოსახლეობა. შეინიშნება მეურნეობის „ანტიკური ფორმების“ დანერგვის მცდელობაც (ამზადებდნენ ამფორებს და სხვა ბერძნ. ტიპის ჭურჭელს).

ძვ. წ. II–I სს. მიჯნაზე კოლხეთი დაიპყრო პონტოს მეფემ, მითრიდატე VI ევპატორმა. ძვ. წ. 63-იდან კოლხეთის ზღვისპირა ოლქები რომის იმპერიის პოლიტ. ზეგავლენის ქვეშ მოექცა და მათ რომაელი მოხელეები განაგებდნენ. ცნობილია პირველი ასეთი მოხელის, არისტარქეს სახელით მოჭრილი მონეტა (იხ. არისტარქე კოლხის დრაქმა). რომაელთა ბატონობა კოლხეთში გაგრძელდა ახ. წ. IV ს-მდე. იხ. აგრეთვე სტ. ეგრისის სამეფო.

ლიტ.: თოდუა თ., ძველი კოლხეთი და გარე სამყარო, თბ., 2008; ინაძე მ., ძველი კოლხეთის ისტორიის საკითხები, თბ., 2009; ლორთქიფანიძე ო., ძველი კოლხეთის კულტურა, თბ., 1972; მისივე, ძველი ქართული ცივილიზაციის სათავეებთან, თბ., 2002; მიქელაძე თ., ძიებანი კოლხეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის უძველესი მოსახლეობის ისტორიიდან (ძვ. წ. II–I ათასწლეულები), თბ., 1974; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970; Лорткипанидзе Г., Колхида в VI–II вв. до н. э., Тб., 1978; Лорткипанидзе О., Древняя Колхида. Миф и археология, Тб., 1979; Меликишвили Г. К истории древней Грузии, Тб., 1959.

ო. ლორთქიფანიძე