კოლხიდა, ღია ტიპის ქვედაპალეოლითური პერიოდის ძეგლი. მდებარეობს ახალი გაგრის (აფხაზეთის არ) მახლობლად, სოფ. კოლხიდის ტერიტორიაზე. აღმოჩენილი და შესწავლილია 1935–38 საქართვ. მეცნ. აკად. ანთროპოლოგიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიის და ეთნოგრაფიის ინ-ტის არქეოლ. ექსპედიციის მიერ (ხელმძღვ. ს. ზამიატნინი). ქვის ინვენტარი მოპოვებულია მიწის ზედაპირზე (არა in situ) სამ პუნქტში: 1) „საქტრანს კოლხიდის“ პირდაპირ მდებარე ბორცვის სამხრ. ფერდობზე; 2) სოფ. ქვემო კოლხიდის მახლობლად მდებარე ბორცვის თავზე; 3) ამავე ბორცვის ჩრდ. ფერდობზე. სამივე პუნქტი ზ. დ. 180 მ სიმაღლეზეა. სულ მოპოვებულია ქვის 155 ნივთი, მ. შ. დისკოსებრი ნუკლეუსები, კლექტონის ტიპის უწესო მოყვანილობის ფართო მასიური ანატკეცები და წინამორბედი ანატკეცები სხვადასხვა მიმართულების ღრმა ნეგატივების სახით. თითქმის ყველა ანატკეცს დარტყმის მოედანი გლუვი, ფართო აქვს და ქვედა სიბრტყესთან ქმნის ბლაგვ კუთხეს. დასრულებული იარაღი არც ერთი არ არის. კოლექციაში წარმოდგენილია რამდენიმე ანატკეცი, რ-ებსაც ეტყობა დამუშავების კვალი არათანაბარი რეტუშის სახით. ნედლ მასალად გამოყენებულია მონაცრისფრო კაჟი. კ-ის პალეოლითური მასალის ყველა ნივთი დაფარულია მოყვითალო და მოთეთრო მძლავრი პატინით. გვიანი ხანის მინარევი კოლექციაში არ არის. ძეგლი თარიღდება აშელური ხანით. მასალა დაცულია სანქტ-პეტერბურგში, ანთროპოლოგიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში. 1970 ბიჭვინთის არქეოლ. ექსპედიციის საძიებო რაზმმა (გ. გრიგოლია, ზ. აგრბა) სოფელში აღმოაჩინა ძვ. ქვის ხანის მასალა და ნეოლითური იარაღი. მასალა დაცული იყო ბიჭვინთის მუზეუმში.
ლიტ.: დიდი პიტიუნტი, არქეოლოგიური გათხრები ბიჭვინთაში, [წგ.] 1, თბ., 1975; ძველი და ახალი ქვის ხანის ძეგლები საქართველოს ტერიტორიაზე. ცნობარი, თბ., 2015; Замятнин С. Н., Палеолит Абхазии. Сух., 1937; მისივე, Очерки по палеолиту, М.-Л., 1961.
დ. თუშაბრამიშვილი