დრის მაუდის ფაბრიკა, მაუდის საწარმო თბილისში XIX ს. შუა წლებში.
1852 ვერის გარეუბანში, დრის სახელით ცნობილ ადგილზე, მდ. ვერის ნაპირას (მოგვიანებით აქ იყო აბრეშუმის საფეიქრო ფ-კა) პრუსიელმა ვაჭარმა კ. მაიცნერმა ხაზინიდან მიღებული სესხით ააგო კომბინირებული საწარმო, სადაც ადგილ. მატყლისაგან უხეშ მაუდს აწარმოებდნენ ჯარის ნაწილებისა და ჰოსპიტლებისათვის. აქვე მზადდებოდა საუკეთესო მატყლი საექსპორტოდ (დას. ევრ. და რუს. ბაზრებისათვის). ფ-კისათვის საჭირო დაზგა-ხელსაწყოები მოსკოვიდან ჩამოიტანეს; ჩამოიყვანეს ოსტატებიც – უმთავრესად მრთველები და ფეიქრები კავკ. მეფისნაცვლის მ. ვორონცოვის შუამდგომლობით, რუს. ხელისუფლებამ ფ-კასთან დადო ხელშეკრულება, რ-ის თანახმადაც მას კავკ. სამხ. უწყებისათვის 10 წლის განმავლობაში ყოველწლიურად უნდა მიეწოდებინა 90 ათ. არშინი (64000 მ) მწვანე, რუხი და შავი მაუდი.
ფ-კა ერთხანს აწყობილად მუშაობდა, მაგრამ რუს. იმპერიის ფინანსთა სამინისტრომ არამიზანშეწონილად მიიჩნია მისი არსებობა. გადაწყდა, კავკასიის სამხ. უწყებას შეკვეთები რუს. ცენტრ. რ-ნების საწარმოებისათვის მიეცა. ამის შედეგად ფ-კაში იკლო პროდუქციის წარმოებამ და რეალიზაციამ.
1858 მან გამოუშვა მხოლოდ 4000 მან. საქონელი. 1860 დრის საწარმო დაიხურა. დ. მ. ფ. იყო მანუფაქტურულიდან ფაბრიკულ წარმოებაზე გარდამავალი ტიპის სამრეწვ. საწარმო, სადაც არსებითად ხელის იარაღები და ხელით შრომა ბატონობდა.
ლიტ.: გ უ გ უ შ ვ ი ლ ი პ., მანუფაქტურული წარმოების ისტორიისათვის ამიერკავკასიაში, «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის », 1938, ნაკვ. 3; მ ი ს ი ვ ე, Развитие промышленности в Грузии и Закавказье в ХIХ – ХХ вв., т. 1, Тб., 1957.
პ. გუგუშვილი