კოლხური ანთროპოლოგიური ტიპი

კოლხური ანთროპოლოგიური ტიპი, საქართველოში გავრცელებული ანთროპოლოგიური ტიპი. დამახასიათებელი ნიშნებია: თავის საშუალო განივი დიამეტრი, ვიწრო სახე, თვალებისა და თმების ღია ფერი, ცხვირის ფუძისა და წვეტის ჰორიზონტალური ან ოდნავ ზეაწეული მდებარეობა, ცხვირის მაღალი უნაგირი და ცხვირის ზურგის მაღალი განივი პროფილი, დაბალი სახე, ზომიერად სქელი ტუჩები, თმოვანი საფარველის საშუალოზე მეტი განვითარება.

კ. ა. ტ-ის ნაირსახეობა – შავიზღვისპირული ვარიანტი – გავრცელებულია საქართველოს შავიზღვისპირეთში. მისი ანთროპოლოგიური ნიშნებია: მკვეთრად პროფილირებული სახე, თვალის ღია ფერის მეტი პროცენტი, თვალის ნაპრალის ვიწრო ჭრილი, სწორი შუბლი, ცხვირის მაღალი უნაგირი და ოდნავ ზეაწეული წვეტი, ვიწრო სახე, დახვეწილი ყვრიმალები, ზომიერი სისქის ქვედა ტუჩი, შედარებით ღია ფერის თმა, მცირე სიმაღლის ცხვირი, ზომიერად განვითარებული თმოვანი საფარველი, სახის მცირე მორფოლოგიური სიმაღლე, თავის ზომიერი განივი დიამეტრი და საშუალო ოდენობის ზედა ქუთუთოს ნაოჭი.

მორფოლოგიური ნიშნების ასეთი კომპლექსი გავრცელებულია წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და ზუგდიდის, ბათუმის, ქობულეთის, ნაწილობრივ ხულოსა და ქედის მოსახლეობაში. ნიშანთა იგივე კომპლექსი ახასიათებთ გუდაუთის, ოჩამჩირისა და ნაწილობრივ გაგრის რ-ნის აფხაზებს.

დას. საქართველოს დანარჩენ რ-ნებში გავრცელებულია დასავლურ-ქართული ვარიანტი, რ-საც ახასიათებს სწორი შუბლი, მკვეთრად პროფილირებული სახე, ცხვირის მაღალი უნაგირი, მკვეთრად განვითარებული თმოვანი საფარველი სახესა და სხეულზე, დახვეწილი ყვრიმალები, თვალების ჰორიზონტალური ჭრილი, ორტოქეილური ზედა ტუჩი, ღია ფერის თვალების საკმაოდ მაღალი პროცენტი, მკვეთრად გამოხატული ცხვირი, საშუალო ზომის თავის განივი დიამეტრი, მცირე ყვრიმალთაშუა დიამეტრი, ქუთუთოს ნაოჭის საშუალოზე მაღალი პროცენტი, საშუალოზე დაბალი სახის ფიზიონომიური სიმაღლე და შედარებით მოკლე ცხვირი.

ნიშანთა ასეთი კომპლექსი გავრცელებულია ბაღდათის, თერჯოლის, სამტრედიის, ზესტაფონის, ჭიათურისა და ვანის ქართულ მოსახლეობაში; ასეთივე ნიშნები გვხვდება ზოგიერთ შავიზღვისპირულ ჯგუფებში ქედისა და ხულოს, ჩოხატაურის, აღმ. საქართველოში კი – ხაშურისა და გორის ქართ. მოსახლეობის ნაწილში.

კოლხური ტიპის ორივე ვარიანტი ძალიან ახლოს დგას ერთმანეთთან, ამიტომ ისინი ერთ ტიპში არიან გაერთიანებული.

მ. აბდუშელიშვილი კოლხური ტიპის გენეზისს განიხილავს შემდეგნაირად: „წინააზიური რასის ფენა, რომელსაც მიეკუთვნება კოლხური ტიპის დასავლურ-ქართული და შავიზღვისპირული ვარიანტები და რომლებიც თავად განვითარდნენ სამხრეთ კავკასიის ადგილობრივი ანთროპოლოგიური ტიპების საფუძველზე, მოახდინეს პონტოური ტიპის ასიმილაცია, რის შედეგადაც წარმოიქმნა კოლხური ტიპის შავიზღვისპირული ვარიანტი“.

ლიტ.: А б д у ш е л и ш в и л и М. Г., Антропология древнего и современного населения Грузии, Тб.,1964.

ლ. ბითაძე