კოლხური ლეპტოპუსი

კოლხური ლეპტოპუსი

კოლხური ლეპტოპუსი, კოლხური არახნე (Leptopus colchicus, Arachne colchica), მცენარე, დაბალი ბუჩქი Euphorbiceae-ის ოჯახიდან. დას. საქართველოს იშვიათი ენდემური სახეობაა. გავრცელებულია აფხაზეთში, სვანეთში, სამეგრელოში, რაჭა-ლეჩხუმში, იმერეთში; საქართველოს გარეთ – დას. კავკასიაში. იზრდება კირქვიან კლდეებსა და ქვაღორღიან ფერდობებზე მთის შუა სარტყლამდე; მნიშვნელოვანია კირქვიანების რელიქტური ფლორის ისტორიის შესწავლისთვის. გვხვდება სპორადულად პატარ-პატარა დაჯგუფებების სახით. სიმაღლე 80 სმ. ღერო – ძირთან დატოტვილი; ტოტები – დაფოთლილი; ფოთლები – თხელი, კვერცხის ფორმის (ზევიდან – ღია-მწვანე, ქვევიდან – მწვანე-მონაცრისფრო); ყვავილები – მოყვითალო; ნაყოფი სამბუდიანი მშრალი კოლოფებია. კ. ლ-ის შემცირების მიზეზია ადამიანის საქმიანობა. შეტანილია საქართვ. „წითელ ნუსხაში“.