კოლხური ტაფელა

კოლხური ტაფელა (Rodeus colchicus, Bogutskaya et. Komlev, 2001), თევზი. მიეკუთვნება კობრისებრთა ოჯახს (Cyprinidae, Fleming, 1822), ტაფელების გვარს (Rodeus Agassiz, 1832). მაქსიმალური სიგრძე – 25 სმ, მასა 15 გ, მაქსიმალური ასაკი – 5 წელი. მტკნარი წყლის ბენთოპელაგიური სახეობაა. მრავლდება სხვადასხვა დროს, თებერვლიდან აგვისტომდე. ნაყოფიერება 200–450 ქვირითია; ტოფობს რამდენჯერმე. იგი განსხვავდება აქამდე შესწავლილი ჩვეულებრივი ტაფელასაგან უფრო მსხვილი ქერცლით, ხერხემლის მალების რაოდენობით, გვერდითი ხაზით, უფრო მაღალი მეორე და უფრო ფართო მეოთხე და მეხუთე ინფრაორბიტალებით. იკვებება წყალმცენარეებით, ნაწილობრივ – ბენთოსითა და პლანქტონით. გავრცელებულია დას. ტრანსკავკასიაში, საქართველოში. ამიერკავკასიის ენდემია. სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს. ბუნების დაცვის საერთაშ. კავშირის (IUCN) მიერ არ არის შეფასებული (NE).

ლიტ.: ნინუა ნ., ჯაფოშვილი ბ., ბოჭორიშვილი ვ., საქართველოს თევზები, თბ., 2013, Богуцкая Н., Н а с е к а А., Каталог бесчелюстных и рыб, М., 2004.

ნ. ნინუა