კონსტანტინე მიტროპოლიტი (დიმიტრი სიმონის ძე მელიქიძე) (19. II 1925, სოფ. ბალანთა, ბორჯომის მუნიციპალიტეტი, – 20. VII. 2000). დაამთავრა ბორჯომის სატყეო ტექნიკუმი (1946), საქართვ. სას.-სამეურნეო ინ-ტი (1966). სწავლის დროს მუშაობდა ქ. ქლუხორის, შემდგომ ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო მეურნეობაში. 1972 კათოლიკოს-პატრიარქ დავით V-ის კურთხევით დიაკვნად, ხოლო 1973 მღვდლად აკურთხეს და სოფ. ატოცის წმ. გიორგის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნეს. 1974–78 იყო ხაშურის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის წინამძღვარი. 1978 ბერად აღიკვეცა და ეწოდა კონსტანტინე. 1978 ებოძა არქიმანდრიტის ხარისხი და დაადგინეს ურბნისის ეპისკოპოსად. 1979-იდან დაინიშნა საქართვ. საპატრიარქოს საგამომცემლო განყ-ბის თავ-რედ, 1980 მთავარეპისკოპოსის ხარისხში აიყვანეს და დანიშნეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად. 1985–95 კ. მ. იყო ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის მმართველი, 1995-იდან კი განაგებდა მარგვეთის ეპარქიას.
დაჯილდოებულია სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრისა და მეორე პანაღიის ტარების უფლებით. დაკრძალულია თბილისში, სიონის ეკლესიის ეზოში.
ლიტ.: ვარდოსანიძე ს., ქართველი მღვდელმთავრები (XX–XXI საუკუნეები), თბ., 2010.