კონსტანტინე I

კონსტანტინე I (გ. 1411), საქართველოს მეფე 1407–11, ბაგრატ V-ის ძე. 1400 თავისი ძმის, საქართველოს მეფე გიორგი VII-ის (1393–1407) დესპანი იყო თემურლენგთან და მიაღწია შეთანხმებას. 1401–02 იგი თემურლენგთან ზავის დადების მომხრე იყო. ამ ნიადაგზე ძმებს შორის უთანხმოება ჩამოვარდა. კ. I სამცხის ათაბაგ ივანე ჯაყელთან ერთად გიორგი VII-ს განუდგა და საჩუქრებით ეახლა თემურლენგს. ამის მიუხედავად იგი გამუდმებით საქართველოს ინტერესებისათვის იღვწოდა და მტრის იარაღად არ ქცეულა. გამეფების შემდეგ ენერგიულად შეუდგა მტრის შემოსევებით გაპარტახებული ქვეყნის აღდგენას, მაგრამ აღარ დასცალდა. XV ს. დასაწყისში ირანის აზერბაიჯანს შავბატკნიანთა (ყარა-ყოინლუ) თურქმანული ტომის მეთაური ყარა იუსუფი დაეუფლა, რ-იც ცდილობდა თავისი სამფლობელოს გაფართოებას. 1411 ის შირვანში შეიჭრა. შირვანელებმა დახმარება სთხოვეს კ. I-ს, რ-იც 2000 მხედრით მიეშველა. ჩალაღანთან სასტიკ ბრძოლაში კ. I ტყვედ ჩავარდა. ყარა-იუსუფმა მას საკუთარი ხელით მოჰკვეთა თავი.

წყარო: ეგნატაშვილი ბ., ახალი ქართლის ცხოვრება, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, იქვე, ტ. 4, თბ., 1973.

ლიტ.: აბდურაჰმან სეჩქინი, შავბატკნიან და თეთრბატკნიან თურქმანთა ლაშქრობები საქართველოში, ქართული წყაროთმცოდნეობა, XIX/XX, თბ., 2017–18. კიკნაძე ვ., საქართველო XV საუკუნეში, თბ., 1989; ტაბატაძე კ., ქართველი ხალხის ბრძოლა უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ XIV–XV საუკუნეების მიჯნაზე, თბ., 1974; ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 3, თბ., 1966.

ვ. გუჩუა