კონსტანტინე I, კახეთის მეფე

კონსტანტინე I (დაახლ. 1566, – X. 1605), კახეთის მეფე, ალექსანდრე II-ის ძე. ბავშვობიდანვე ირანში შაჰის კარზე იზრდებოდა, სადაც გამაჰმადიანდა კიდეც. შაჰ აბას I-მა საგამგებლოდ შირვანი უბოძა, ჯარიც მისცა და კახეთში დააბრუნა. შაჰის დავალებით მას შირვანი ოსმალთაგან უნდა გაეთავისუფლებინა და თვითონ დაეჭირა. კ. I-მა კახელებს შირვანზე გალაშქრება მოსთხოვა, მაგრამ ალექსანდრე II სპარსეთ-ოსმალეთის ომის შესაძლო შედეგს ითვალისწინებდა და ბრძოლისაგან თავს იკავებდა. ამით უკმაყოფილო კ. I-მა, შაჰ აბას I-ის დავალებითა და სპარსელთა დახმარებით 1605 წ. 12 მარტს ქ. ძეგამში თავისსავე კარავში ღალატით დახოცა მამა – ალექსანდრე II, ძმა – გიორგი, რუსთაველი ეპისკოპოსი ძმასთან ერთად, რამდენიმე კახი დარბაისელი და თავი კახეთის მეფედ გამოაცხადა. კახელებმა იგი მეფედ არ მიიღეს, აჯანყდნენ და კ. I მოკლეს (იხ. კახეთის აჯანყება 1605).

წყარო: ეგნატაშვილი ბ., ახალი ქართლის ცხოვრება, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; ჰასან რუმლუს ცნობები საქართველოს შესახებ, ვ. ფუთურიძის გამოც., შენიშვნები რ. კიკნაძისა, თბ., 1966.

ლიტ.: ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 4, თბ., 1967; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973; საქართველოს ისტორიის ქრონიკები, XVII–XIX საუკუნეები, თბ., 1980.

გ. ნარსია