კონსტანტინე I დიდი, ფლავიუს ვალერიუს კონსტანტინუს მაგნუს (Flavius Valerius Constantinus Magnus) (27. II. 272/4, ნაისუსი,–22. V. 337, ნიკომედია), რომის იმპერატორი 306-იდან, იმპ. კონსტანციუს ქლორუსის ძე. მამის გარდაცვალების (25. VII. 306) შემდეგ ლეგიონერებმა ბრიტანეთში ყოფნისას ავგუსტუსად გამოაცხადეს. მართავდა გალიას. 324 კ. I-მა თავისი სიძე – ლიცინიუსი ჩამოაშორა მმართველობას და იმპერიის ერთპიროვნული გამგებელი გახდა. 330 იმპერიის დედაქალაქად ბიზანტიონის ადგილზე მისივე აგებული „ახალი რომი“ (რ-იც მალე მისი სახელის მიხედვით კონსტანტინოპოლად იწოდა) გამოაცხადა. კ. I მხარს უჭერდა „მილანის ედიქტს“ (313) ქრისტიანების შემწყნარებლობის შესახებ, აშენებდა როგორც წარმართულ, ისე ქრისტ. ტაძრებს, ითვლებოდა უმაღლეს ქურუმად (Pontifex Maximus). მისი ინიციატივით ქ. ნიკეაში მოწვეულ I მსოფლიო საეკლ. კრებაზე (325) მხარს უჭერდა მართლმადიდებლებს, შემდეგ კი არიანელებს მიემხრო. კ. I-ის მმართველობისას რომის იმპერია სამხ.-ბიუროკრატიულ სახელმწიფოდ გადაიქცა, გაუმჯობესდა ქალაქების მდგომარეობა. 332 ედიქტით დაიწყო კოლონების (მოიჯარეების) მიწაზე მიმაგრება. რამდენჯერმე მოიგერია ბარბაროსთა შემოტევები. კ. I იყო ფრთხილი და ანგარიშიანი პოლიტიკოსი, სასტიკი და გულქვა ადამიანი. ირანში სალაშქროდ მიმავალი გზაში გარდაიცვალა. გარდაცვალების წინ ქრისტიანობა მიიღო. დაკრძალეს ქ. კონსტანტინოპოლის წმ. მოციქულთა ტაძარში. ქრისტ. ეკლესია კ. I-ს იმთავითვე თავის კეთილმოსურნედ თვლიდა და პატივისცემის ნიშნად მისი ქანდაკებები არ გაანადგურეს.
ძველ ქართულ წყაროებში („მეფეთა ცხოვრება“, „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ქრონიკა, ვახტანგ გორგასლის „ცხოვრება“) კ. I დიდი პატივით იხსენიება. ამ თხზულებებში კ. I და მისი დედა – დედოფალი ელენე – ქართლის ეკლესიის დამფუძნებლებად არიან დასახელებული. „მეფეთა ცხოვრების“ ავტორის სიტყვით, კ. I-მა „წარმოგზავნნა მღდელნი და ხურონი ფრიად მრავალნი: მოსცა განძი დიდძალი ეპისკოპოსსა იოვანეს და უბრძანა: „სადაცა ჯერ იჩინო ადგილთა ქართლისათა, აღაშენენ ეკლესიანი სახელსა ზედა ჩემსა; და ნიჭნი ესე დაამკვიდრენ ქალაქთა ქართლისათა“. მისგან მიიღო ქართულმა ეკლესიამ „ნაწილი ძელისა ცხოვრებისა, და ფიცარნი იგი, რომელთა ზედა ფერჴნი დამსჭუალულ იყვნეს უფლისანი და სამჭუალნი ჴელთანი“.
ქართველთა მონათვლის შემდეგ კ. I-მა იმპერიაში მძევლად მყოფი ბაქარ (ბაკური) მირიანის ძე სამშობლოში დააბრუნა; მისივე შუამდგომლობით მოწესრიგდა საზღვარი ქართლსა და სომხეთს შორის. ქართველი ავტორის თანახმად, გამარჯვებები კ. I-მა „წარძღუანებით ჯუარისაჲთა“ მოიპოვა.
წყარო: ლეონტი მროველი, ცხოვრება ქართველთა მეფეთა, ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955.
ლიტ.: სანიკიძე ლ., რომის იმპერია, ნაკვ. 2 (დომინატი), თბ., 1972; Федорова Е. В., Императорский Рим в лицах, М., 1979; Lexicon der Antike, Leipzig, 1985.
ვ. გოილაძე