კონსტანტინე II, ქართლის მეფე

კონსტანტინე II ( გ. 1505), ქართლის მეფე 1478–1505, ალექსანდრე I დიდის ძის, დემეტრეს (დიმიტრი) ვაჟი. 1465 ბიძასთან, მეფე გიორგი VIII-სთან ერთად ტყვედ ჩაუვარდა სამცხის ათაბაგ ყვარყვარე II-ს. ტყვეობიდან გამოქცეული კ. II ქუთაისში გამაგრდა, მაგრამ ხელისუფლებას ვერ დაეუფლა. 1466 ბაგრატ VI-მ თავი ქართლ-იმერეთის მეფედ გამოაცხადა. ამავე დროს ტყვეობიდან გათავისუფლებულმა გიორგი VIII-მ რ-მაც ბაგრატ VI-თან ბრძოლა წააგო და კახეთში გადავიდა, სათავე დაუდო კახეთის სამეფოს დამოუკიდებელ არსებობას. 1468 კ. II იძულებული გახდა ეცნო ბაგრატ VI-ის მეფობა, თუმცა თავის თავს მაინც მეფეს უწოდებდა. ჩანს, რომ 1466-იდან სამეფოს გარკვეულ ტერიტ-ზე მისი ძალაუფლება ვრცელდებოდა, ე. ი. ეს იყო ორმეფობის დრო. 1478, როცა ბაგრატი გარდაიცვალა, კ. II-მ სძლია ბაგრატ VI-ის ძეს, ალექსანდრეს (იხ. ალექსანდრე II) და ქართლ-იმერეთის ტახტს დაეპატრონა. 1483 კ. II არადეთთან (იხ. არადეთის ბრძოლა 1483) დაამარცხა ყვარყვარე II-მ. ამით ისარგებლა ალექსანდრე II-მ და 1484 თავი იმერეთის მეფედ გამოაცხადა. 1487 კ. II-მ იგი ქუთაისიდან განდევნა, მაგრამ ქართლში იაყუბ-ყაენის შემოსევის გამო (იხ. იაყუბ-ყაენის ლაშქრობანი საქართველოში) იძულებით დატოვა იმერეთი, რ-საც კვლავ ალექსანდრე II დაეუფლა (1489). XV ს. 90-იანი წლების დასაწყისში კ. II-მ ცნო საქართველოს ქართლის, კახეთისა და იმერეთის სამეფოებად დაშლის ფაქტი, თუმცა ამის შემდეგაც განაგრძობდა ბრძოლას ოსმ.-ირანის აგრესიის წინააღმდეგ და ცდილობდა ერთიანი სამეფოს აღდგენას. ამ მიზნის მისაღწევად 1492–96 მან ხუცესი ნილოსი დესპანად გაგზავნა ეგვიპტის მამლუქ სულთან აშრაფ სეიფ ალ-დინ კაიტბეისთან, აგრეთვე რომის პაპთან და ესპ. მეფესთან, მაგრამ კ. II-ის მცდელობას შედეგი არ მოჰყოლია.

წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973; ტ. 2, თბ., 1959.

ლიტ.: თამარაშვილი მ., ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის..., ტფ., 1902; კაკაბაძე ს., წვრილი, შენიშვნები და მასალები, საისტორიო კრებული, წგ. 3, ტფ., 1928; მეტრეველი რ. ქართული დიპლომატიის ისტორია, თბ., 2003. ოდიშელი ჯ., აღმოსავლეთ საქართველოს პოლიტიკური ისტორიისათვის (XIV–XVII სს.) კრ. XIV–XVIII სს. რამდენიმე ქართული ისტორიული დოკუმენტი, თბ., 1964; საქართველოს მეფეები, თბ., 2000. ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 4, თბ., 1967.

ვ. გუჩუა