კონსტანტინე III, კოსტანტი III

კონსტანტინე III, კოსტანტი III, „აფხაზეთის სამეფოს“ (დას. საქართველოს) მეფე დაახლ. 893–922, ბაგრატ I-ის ძე. იბრძოდა სამეფო-სამთავროებს შორის ჰეგემონობის მოპოვებისა და საქართველოს გაერთიანებისათვის. 904 დაეუფლა ქართლს. მის წინააღმდეგ გაილაშქრეს სომეხთა მეფე სმბატ I-მა და ქართველთა მეფე ადარნასე II-მ. მათ ალყა შემოარტყეს უფლისციხეს და აიღეს. საზავო მოლაპარაკების დროს კ. III შეიპყრეს. სმბატმა ის ანისის ციხეში დაამწყვდია, მაგრამ 4 თვის შემდეგ იმის შიშით, რომ „აფხაზთა სამეფოს“ ტახტზე უფრო ძლიერ პიროვნებას დასვამდნენ, გაათავისუფლა; სმბატ I არაბებთან ურთიერთობის გამწვავების გამო დათმობაზე წავიდა და კ. III-მ კვლავ დაიბრუნა ქართლი. დას. საქართველოსა და სომხეთის მეფის ეს კავშირი კ. III-ის სმბატის ასულზე დაქორწინებით განმტკიცდა. აბუ ლ-კასიმის მიერ სმბატ I-ის მოკვლისა (914) და სომხეთის აოხრების შემდეგ, კ. III-მ თავდაპირველად ქართლში განიმტკიცა ხელისუფლება, შემდეგ კი კახეთის ქორეპისკოპოს კვირიკე I-თან ერთად დაიპყრო და გაინაწილა ჰერეთი. ამ დროიდან X ს. უკანასკნელ მეოთხედამდე საქართველოს სამეფო-სამთავროთა შორის ჰეგემონობა „აფხაზთა მეფის ხელში“ იყო.

წყარო: მატიანე ქართლისა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955, ქართლის ცხოვრება, მთ. რედ. რ. მეტრეველი, თბ. 2008, იოანე დრასხანაკერტელი, სომხეთის ისტორია (786–925), ე. ცაგარეიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1965.

ლიტ.: ლორთქიფანიძე მ., ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება (IX–X სს.)., თბ., 1963; ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 2, თბ., 1965; Анчабадзе З., Из истории средневековой Абхазии (VI– XVII вв.), Сух., 1939.

ვ. გუჩუა