კონსტანტინე VII პორფიროგენეტი (Porphyrogennêtoso) (17/18. V. 905, კონსტანტინოპოლი, – 9. XI. 959, იქვე), ბიზანტიის იმპერატორი (კეისარი) (913– 920, 945–959), მაკედონელთა დინასტიის წარმომადგენელი, იმპ. ბასილი I-ის შვილიშვილი და იმპ. ლეონ VI-ის შვილი. ცნობილია როგორც რამდენიმე ორიგინალური და კომპილაციური ნაშრომის ავტორი. მათ შორის ჩვენთვის საინტერესოა თხზ. „იმპერიის მმართველობის შესახებ“, რ-შიც კ. VII მიმართავს თავის შვილს, რომანოზს, და აცნობს მას ყველა იმ ხალხსა და სახელმწიფოს, რ-ებიც გარს აკრავს ბიზანტიას. აღწერს ამ ხალხთა ყოფა-ცხოვრებას, მათს ბინადრობას, ქალაქებს. ამ თხზულების ხუთი თავი (42, 43, 44, 45, 46) მთლიანად იბერიას ეხება და შეიცავს საქართველოს ისტორიისათვის მეტად მნიშვნელოვან ცნობებს. ასე მაგ., ტარონის მთავრის ისტორიასთან დაკავშირებით საუბარია იბერიის მეფის, ადარნასე კურაპალატის შესახებ (თავი 43), განხილულია იბერიელთა ვინაობის, იბერიაში ბაგრატიონთა გამეფებისა და მათი გენეალოგიის, ბასიანის საკითხები, აგრეთვე ქ. არტანუჯის მნიშვნელობა იმდროინდელ საგარეო ვაჭრობაში (თავი 45). კ. VII-ის აღწერით, „არტანუჯის ციხე ძალიან მტკიცეა და აქვს დიდი რაბატიც და დაბა-ქალაქიც; და იქ მოდის საქონელი ტრაპეზუნტისა, იბერიისა, აფხაზეთისა, და არმენიის და სირიის ყველა ქვეყნიდან; და ამ საქონლიდან მას უამრავი ბაჟი შემოდის. არტანუჯის მიწა-წყალი ესე იგი არზენი, დიდია და ნაყოფიერი და წარმოადგენს იბერიის, აფხაზეთისა და მესხთა ქვეყნის გასაღებს“.
წყარო: გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, ნაკვ. 2, თბ., 1952.
ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 2, თბ., 1973; ყაუხჩიშვილი ს., ბიზანტიური ლიტერატურის ისტორია, ტ. 3, თბ., 1973.
ლ. მანიავა