კონსტანტინე VIII

კონსტანტინე VIII (960 – 11. XI. 1028), ბიზანტიის იმპერატორი (1025–28), მაკედონელთა დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი მამაკაცთა მხრიდან. 976–985 განაგებდა იმპერიას თავის უფროს ძმასთან – ბასილი II-სთან ერთად. იმავე წელს მათ წინააღმდეგ ბარდა სკლიაროსი აჯანყდა, რ-ის დამარცხებაში ქართველთა დიდი წვლილის გამო, 979-იდან ბარდა ფოკას აჯანყებამდე (987), იმპერატორ ძმებს საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ. „მცხეთის საბუთის“ მონაცემებიდან გამომდინარე, ქართლის კათოლიკოსი მელქისედეკ I სწორედ მათი მმართველობისას, დაახლ. 982, ჩავიდა საიმპერატორო კარზე და იმპ. ძმებისაგან მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძრის აღსადგენად მდიდარი შემოწირულობები, მ. შ. 105-სოფლიანი კესტორის მონასტრის შემოსავალი მიიღო. ამ სახსრებით დაიწყო მელქისედეკ I-მა სვეტიცხოვლის ტაძრის აღდგენა და ისე, როგორც ეს ძმების თანამმართველობისას ემისირებულ ოქროსა და ვერცხლის მონეტებზეა გამოსახული, ტაძრის ჩრდ. კედელზე ქტიტორების სახით ბასილი II წვერით, კ. VIII კი უწვეროდ გამოაქანდაკებინა. იმავე ხანებში, როგორც ამას ოშკის ტაძრის წარწერა გვაუწყებს, იმპერატორი ძმების საფასურით „განსრულებულ იქმნა მეორედ დაბურვითა ტაძარი ესე“. 985 ბასილი II-მ კ. VIII მმართველობას ჩამოაშორა. 987 ბასილი II-მ მის წინააღმდეგ აჯანყებული ბარდა ფოკას მხარდაჭერისათვის დავით III აიძულა თავისი სამეფო ბიზანტიის იმპერიისათვის ეანდერძებინა, 1021 კი სასტიკად დაარბია საქართველო. მისი გარდაცვალების შემდეგ (1025) კ. VIII-მ 70 წლის ასაკში დაიკავა საიმპერატორო ტახტი. იმპერიაში სამწლიანი მძევლობიდან საქართველოში დაბრუნებული უფლისწულ ბაგრატის (შემდგომში ბაგრატ IV) უკან გაწვევის მცდელობა მარცხით დამთავრდა, რის შედეგადაც 1027 კ. VIII-მ საქართველოს წინააღმდეგ ბიზანტიის ჯარი გამოგზავნა. საომარი მოქმედებები კ. VIII-ის გარდაცვალებისთანავე შეწყდა.

ლიტ.: გოილაძე ვ., ათასწლოვანი სვეტიცხოველი, ნარკვევები, თბ., 2011; მისივე, ბიზანტიის აღმოსავლური პოლიტიკის ასახვა ქართულ ეპიგრაფიკაში, თბ., 2008. მისივე, გიორგი მთაწმინდელიდან მომდინარე ერთი ცნობა ქართულ ისტორიოგრაფიაში, „ანალები“, 2004, №2;

ვ. გოილაძე