კონსტანტინე IX მონომაქოსი (დაახლ.1000, კონსტანტინ-ოპოლი, – 11. I. 1055, იქვე), ბიზანტიის იმპერატორი (1042–55). განეკუთვნებოდა დედაქალაქის არისტროკრატიას. საიმპერატორო ტახტი მაკედონელთა დინასტიის უკანასკნელ წარმომადგენელთან – დედოფალ ზოიასთან ქორწინების (1042) შემდეგ დაიკავა. კ. IX-ის მმართველობისას იმპერიაში დაწყებულ ფეოდალურ ამბოხებებს ზედ ერთვოდა იტალიაზე ნორმანების, იმპერიის აზიურ ნაწილზე – სელჩუკების, ხოლო ბალკანურ პროვინციებზე პაჭანიკებისა და რუსების (1043) თავდასხმები. 1045 კ. IX-მ დაიკავა სომხ. დედაქალაქი ანისი. ეკლესიის გაყოფის გამო (1054) ურთიერთობა გაურთულდა რომის პაპთან.
კ. IX-ის მიერ 1044–47 კონსტანტინოპოლში დაარსებული მანგანის აკადემიაში, რ-იც ბერძენთა რენესანსის კერად გადაიქცა, არაერთმა ქართველმა მიიღო განათლება, მ. შ. არსენ იყალთოელმა და იოანე პეტრიწმა.
კ. IX, ისე როგორც მისი წინამორბედი იმპერატორების აღმოსავლური პოლიტიკა, მიზნად ისახავდა ერთიანი საქართველოს დასუსტებას. კ. IX საქართველოს მეფის, ბაგრატ IV-ის მოწინააღმდეგე ფეოდალს, ლიპარიტ ბაღვაშს მფარველობდა. ვითარება ისე გართულდა, რომ ბაგრატ IV-მ თავისი მცირეწლოვანი ძე – გიორგი ქუთაისში დას. საქართველოს მეფედ დასვა (1052), თვითონ კონსტანტინოპოლში ჩავიდა და კ. IX-ს სთხოვა ლიპარიტთან შერიგება. კ. IX-ს ბაგრატ IV კონსტანტინოპოლში სამი წელი ფაქტობრივად საპატიო ტყვეობაში ჰყავდა. XI ს. ბიზანტიელი ქრონისტის – გიორგი კედრენეს ცნობით, „მეფის მეცადინეობით“ ბაგრატ IV და ლიპარიტი შეთანხმდნენ: ბაგრატი იქნებოდა „ბატონი და მთავარი მთელი იბერიისა და აბაზგიისა“, ხოლო ლიპარიტი – ერთი ნაწილის, „მესხეთის მთავარი სიკვდილამდე“; იგი ბაგრატს სცნობდა „ბატონად და მეფედ.“ როცა გიორგი მთაწმიდელი ათონის მთიდან კონსტანტინოპოლში ჩავიდა და კ. IX-ს საყდრის გადასახურავად ტყვია სთხოვა, ბაგრატ მეფე და მისი დედა მარიამი ჯერ კიდევ იქ იყვნენ. გიორგი მთაწმიდელმა კ. IX-საგან ტყვიასთან ერთად სხვა ბევრი წყალობაც მიიღო.
წყარო: გიორგი კედრენე, წგ.: გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 5, თბ., 1963; მატიანე ქართლისა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955. Зоя и Феодора, Константин IХ წგ: Михаил Псел, Хронография. Пер., статья и примеч. Я. Н. Любарского, М., 1978.
ლიტ.: კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960; კოპალიანი ვ., საქართველოსა და ბიზანტიის პოლიტიკური ურთიერთობა 970–1070 წლებში, თბ., 1969.
ვ. გოილაძე