კონსტანტინე ბატონიშვილი (გ. დაახლ. 1587/88)

კონსტანტინე ბატონიშვილი (გ. დაახლ. 1587/88), იმერთა მეფე ბაგრატ III-ის ძე, გიორგი II-ის უმცროსი ძმა. გიორგი II-ის მეფობის დროს (1565–85) კ. ბ-ს საუფლისწულო ადგილ-მამული არ ჰქონდა და მის მისაღებად იბრძოდა. 1583 კ. ბ. მეფემ ციხეში გამოკეტა. გიორგი II-ის გარდაცვალების შემდეგ (1585) მან ისარგებლა ლევან მეფის ახალგაზრდობით და დაიპყრო მდ. რიონის აღმ-ით მდებარე ტერიტორია. მის ხელში გადავიდა არგვეთი, სკანდისა და კაცხის ციხეები. 1587 მეფე ლევანმა კ. ბ-ს ციხესიმაგრეები წაართვა, მაგრამ თვითონაც იძულებული გახდა მისთვის დაეთმო საუფლისწულო მამული არგვეთში (ზემო იმერეთი).

წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.

ო. სოსელია