კონსტანტინე ბატონიშვილი (VII. 1789, – 3. V. 1844, მოსკოვი), იმერეთის მეფე, დავით II-ის ძე, გენერალ-მაიორი. 3 წლის კ. ბ. მამამ ერთგულების ნიშნად სოლომონ II-ს მძევლად დაუტოვა. დავით II-ის მიერ ტახტის დაბრუნების მცდელობის გამო 1792 სოლომონმა უფლისწული მუხურის ციხეში ჩაკეტა. 1803 რუს. მთავრობის მოთხოვნით სოლომონ II-მ კ. ბ. გაათავისუფლა და იმერეთის ტახტის მემკვიდრედ ცნო. შემდეგში სოლომონმა შეძლო ახალგაზრდა უფლისწულის შემორიგება. იმერეთის სამეფოს გაუქმების (1810) შემდეგ კ. ბ. პეტერბურგს გაემგზავრა და კაზაკთა ლაიბგვარდიის პოლკში ჩაირიცხა როტმისტრად. მონაწილეობდა რუსეთის 1812 სამამულო ომში. დააჯილდოვეს წმ. ვლადიმირის ორდენით. მისი შვილები (დავითი, გიორგი, კონსტანტინე, ნიკოლოზი, ალექსანდრე) რუსეთში იმერეტინსკებად იწოდებოდნენ.
ლიტ.: დუმბაძე მ., დასავლეთ საქართველო XIX ს. პირველ ნახევარში, თბ., 1957; კაკაბაძე ს., კალმასობა დასავლეთ საქართველოს შესახებ, საისტორიო კრებული, ტფ., 1929, [ტ.] 4; რეხვიაშვილი მ., იმერეთის სამეფო 1462–1810 წწ., თბ., 1989.
ო. სოსელია